”კერძო სექტროში 20 ლარიანი, ხოლო საჯარო სექტროში 135 ლარიანი მინიმალური ანაზღაურება არაადეკვატურია”

კერძო სექტროში 20 ლარიანი მინიმალური ხელფასი და საჯარო სექტროში არსებული მინიმალური ანაზღაურება - 135 ლარი, არაადეკვატურია და ამის გადახედვა მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო „ამბასადორში“ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა პროფკავშირების თავმჯდომარესთან ერთად წარადგინა.

როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში ისინი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ითხოვენ.

”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაარეგულიროს ეს საკითხი. არსებობს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია, რომლის მონაწილე ასევე არის საქართველო. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ აქცენტს ვაკეთებთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია.

20 ლარი მინიმალური ხელფასი სასაცილოა და შეიძლება ითქვას არაადეკვატურიც. 1999 წელს დაწესებული ეს ოდენობა არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე მისი გადახედვა არის მნიშვნელოვანი. ასევე, საჯარო სექტორში არსებული მინიმალური ანაზღაურება 135 ლარი, რომელიც 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრა, ესეც მე ვფიქრობ, რომ არ არის ადეკვატური, რადგან საარსებო მინიმუმი გაცილებით უფრო მეტი არის. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები ამ მხრივ არის აუცილებელი. პირველ რიგში ჩვენ სწორედ პოლიტიკის შეცვლას და სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ვითხოვთ”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.