10 უცნაური აკრძალვა, რომელიც აშშ-ში არჩევნების დღეს მოქმედებს

ამერიკაში უჩვეულო საარჩევნო წელი დასასრულს უახლოვდება.

ქვეყანაში სააარჩევნო დღესთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი უცნაური კანონი თუ ჩვეულებაა. მათი ნაწილი საკმაოდ მოძველებულია, ნაწილი კი - ახალი.

არჩევნების დღეს არ გაიყიდება ალკოჰოლი

ამერიკაში არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო კანონი, რომელიც არჩევნების დღეს ალკოჰოლის გაყიდვას კრძალავს. თუმცა 18 ქალაქსა და 7 ოლქში ეს აკრძალვა მოქმედებს.

ეს მიდგომა ანტიამერიკულად ჩაითვლებოდა ჯორჯ ვაშინგტონის სტანდარტების მიხედვით. 1758 წელს ვაშინგტონმა მოქალაქეთა პალატის არჩევნების დროს კამპანიისთვის განკუთვნილი მთელი ბიუჯეტი ალკოჰოლში დახარჯა და ამომრჩევლებს 160 გალონი ლიქიორი უყიდა. ვაშინგტონმა 1797 წელს ვისკის ქარხანა გახსნა, რომელიც მისი სიკვდილის დროს ყველაზე დიდი ქარხანა იყო ქვეყანაში.

არჩევნებში აგნოსტიკოსები არ დაიშვებიან

ამერიკის კანონი ეკლესიასა და სახელმწიფოს არ აკავშირებს. მაგრამ ზოგიერთ შტატში ცდილობენ, კანონს გვერდი აუარონ. კანდიდატებს მოეთხოვებათ, რომ ღმერთის არსებობის მაინც სჯეროდეთ. ტეხასში, ტენისში, სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მისისიპიში, მერილენდსა და არკანზასის შტატებში აკრძალულია კანდიდატებისთვის რელიგიური ტესტების ჩატარება, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ ისინი უზენაესის არსებობას აღიარებდნენ.

ამომრჩევლის სტიკერები

ამერიკელი ამომრჩევლების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ატარებს სტიკერს წარწერით „მე ხმა მივეცი“. უცნობია, როდის დამკვიდრდა ეს ტრადიცია. სტიკერები, რომლებიც ახლა გამოიყენება, პირველად ფლორიდაში არსებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ National Campaign Supply 1986 წელს დაბეჭდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ტენდენცია გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს პოტენციურ ამომრჩეველზე და შედეგად, უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა მატულობს.

დროის შეზღუდვა საარჩევნო ჯიხურში

ალაბამას შტატში ამომრჩეველს საარჩევნო ჯიხურში მხოლოდ 4 წუთი შეუძლია გაჩერება. კანონის მიხედვით, თუ ამომრჩეველმა აღნიშნულ შეზღუდვას გადააჭარბა, თანამშრომელი მიდის და ეკითხება, დახმარება თუ სჭირდება. თანხმობის შემთხვევაში, მას მინიმუმ 5 წუთს დაუმატებენ. უარის შემთხვევაში კი მხოლოდ ერთი წუთი აქვს, რომ პროცედურა დაამთავროს.

შეშლილებს ხმის მიცემის უფლება არ აქვთ

კენტუკის შტატის კონსტიტუციის მიხედვით, „იდიოტებს და შეშლილებს არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ“. თუმცა ეს სასამართლოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული.

ზოგადად, ტერმინები „იდიოტი“ და „შეშლილი“ ხშირად გვხვდება ოჰაიოს, ნიუმექსიკოსა და მისისიპის შტატების კონსტიტუციებში. „ბიბისის“ ცნობით, ძველად ეს სიტყვები ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს ნიშნავდა.

ხმის რამდენჯერმე მიცემის შესაძლებლობა

ამერიკის შვიდ შტატში ამომრჩეველს უფლება აქვს შეცვალოს საკუთარი არჩევანი, თუ მათ არჩევნების დღემდე აქვთ ხმა მიცემული. უფლებამოსილი ამომრჩევლების 40-მა პროცენტმა ხმა წლის დასაწყისში მისცა.

"პოლიტიკური" ლეკვები

პოლიტიკური ჯგუფი NextGen Climate აპირებს, რომ რამდენიმე შტატში საარჩევნო უბნებზე ძაღლები მიიყვანოს. ამ მეთოდით ჯგუფი ახალგაზრდების მიზიდვას ცდილობს. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სრულიად შემთხვევით გაკეთებული დასკვნა, რომ ამომრჩეველთა უფრო დიდი აქტიურობა იმ უბნებზე შეინიშნებოდა, სადაც თანამშრომლებს ცხოველები ჰყავდათ მიყვანილი.

აკრძალულია დუელი

მოძველებულად ჟღერს, მაგრამ დუელში გამოწვევა აკრძალულია. ოფიციალური პირები, ვინც დუელში მონაწილეობას მიიღებენ, დაისჯებიან და სტატუსი ჩამოერთმევათ.

ხმის მიცემა კოსმოსიდან

1997 წელს აშშ-ში ასტრონავტებისთვის ხმის მიცემა კოსმოსიდან გახდა შესაძლებელი. ისინი საარჩევნო ბიულეტენს ელექტრონული ფოსტის საშუალებით იღებენ. ამ პროცესებში ნასაც ჩართულია.

ინაუგურაციის დროს გამოსაყენებელი ბიბლიის არჩევის შესაძლებლობა

ამერიკის კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ავალდებულებს, ფიცის დადების დროს ბიბლია გამოიყენოს. ამ ტრადიციას საფუძველი ჯორჯ ვაშინგტონმა ჩაუყარა, როცა მან ინაუგურაციის დროს თავისი მასონური ბიბლია გამოიყენა.

ჯონ ქვინსი ადამსმა 1825 წელს კონსტიტუცია გამოიყენა. თეოდორე რუზველტმა კი 1902 წელს ფიცი წიგნის გარეშე დადო.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აბრაამ ლინკოლნის ბიბლია გამოიყენა, ლინკოლნის მიერ ემანსიპაციის გამოცხადების 150 წლის იუბილის აღსანიშნავად.

ნანა მღებრიშვილი