კომუნიკაციების კომისიაში „მაგთიკომის“ მიერ „დელტა კომის“ 100%-იანი წილის შეძენის საკითხზე სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100%-იანი წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

როგორც  კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან იუწყებიან, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიამ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენა შეისწავლა და კვლევა-ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. შპს „დელტა კომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტარლური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში გააჩნია: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. კომისია მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას 2016 წლის 15 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.