დავით ნარმანია - მომავალ წელსაც 800 მილიონ ლარზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები მომავალ კვირაში დაზუსტდება, - ამის შესახებ  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ და თუ როდის იქნება იგი საკრებულოში წარდგენილი.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე არსებობს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ მეტი პროექტები დააფინანსონ.

”მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების დაზუსტებაზეც. გარდა ამისა, პროგრამული ნაწილი, რომელიც საქალაქო სამსახურებსა და გამგეობების მიერ არის წარმოდგენილი, იქნება დახვეწილი, ერთიან ფორმატში მოქცეული. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი გვაქვს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის კიდევ უფრო გაზრდას ველოდებით, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი პროგრამები და პროექტები დავგეგმოთ. ვფიქრობთ, მომავალ წელსაც ჩვენ 800 მილიონ ლარზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება”, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.