რუსთავში 300 ძირი კიპარისის ნერგი დაირგა

რუსთავის მერიამ ქალაქში საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები დაიწყო. მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის“ სამსახურის თანამშრომლებმა სამასი ძირი კიპარისის ნერგი დღეს შარტავას გამზირზე დარგეს. დარგვის პროცესს რუსთავის მერი დავით ჯიქია და მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის“ უფროსი ზაზა კუპატაძე ესწრებოდნენ.

როგორც დავით ჯიქიამ განაცხადა, უახლოეს დღეებში ქალაქში ფართომასშტაბიანი გამწვანების აქცია მოეწყობა და რამდენიმე ათასი ნერგი დაირგვება.

,,ქალაქში უკვე დავიწყეთ საშემოდგომოდ ხეების დარგვის პროცესი. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტრო გვაძლევს 2 ათასამდე ნერგს, დღეს ჩამოვიდა გარკვეული რაოდენობა, კიპარისის ნერგები შარტავას გამზირზე მწვანე ზოლში ირგვება. სავარაუდოდ, ორ დღეში, რუსთავში ფართომასშტაბიან გამწვანების აქციას მოვაწყობთ და კიპარისის, პაულონიის, ელდარის ფიჭვისა და კაკლის ხის ნერგებს დავრგავთ. ამ ჯიშის ხეები სწრაფად იზრდება, ქალაქს გაამწვანებს და დაამშვენებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის“ უფროსის ზაზა კუპატაძის განცხადებით, შემოდგომის ბოლომდე რუსთავის ცენტრალურ პარკში, სკვერებსა და ქუჩებში, ჯამში 8 ათასი სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი, ამასთან ერთად რამდენიმე ათასი ბუჩქოვანი დეკორატიული მცენარე და ყვავილი დაირგვება.