ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ესპანური ინვესტიცია განხორციელდება

ჰუალინგის თიზ-ში ესპანური ინვესტიციით ღვინომასალისგან სპირტის მიღების საწარმო ამუშავდება. შესაბამის ხელშეკრულებას უკვე მოეწერა ხელი ინვესტორ კომპანიასა და თიზ-ის მენეჯმენტს შორის. კომპანიამ იჯარით აიღო 3000 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, სადაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში განახორციელებს შესაბამისი დანადგარების მონტაჟს, ლაბორატორიის მოწყობას და ა.შ. კომპანიის მიერ გათვალისწინებულია საერთო ჯამში 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება და 20-30 ადგილობრივი მუშახელის დასაქმება.

გარდა ამისა, ჰუალინგის თიზ-ში უკვე მიმდინარეობს სილიციუმის გადამამუშავებელი ქარხნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სავარაუდოდ, ერთ წელიწადში ამოქმედდება და აქაც მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.

აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა უცხოელ ინვესტორთან ისეთი წარმოების ხაზების განვითარებისთვის, როგორიცაა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროტექნიკის წარმოება, ლედ ნათურების ქარხანა, ტექსტილის საწარმო, და ა.შ.

ჰუალინგის თიზ-ში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა საწარმო, მათ შორის ხე-ტყის მასალისა და ქვის გადამუშავება, ავეჯის ქარხანა, მატრასების წარმოება და ა.შ. ახალი საწარმოო პროექტები და ამ მიმართლებით დაგეგმილი აქტივობები ხაზს უსვამს ზონის სტაბილურად მზარდ მიმზიდველობას ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც, საგადასახადო შეღავათებთან ერთად, განპირობებულია იმ პირობებითა და შეთავაზებებით, რომელსაც ჰუალინგის თიზ სთავაზობს კომპანიებს. როგორც ცნობილია, ზონაში რეგისტრირებული კომპანიები სრულად და სამუდამოდ არიან გათავისუფლებული დღგ-სგან, ასევე მოგების, დივიდენდის, ქონებისა და იმპორტის გადასახადებისგან.

საგადასახადო შეღავათებთან ერთად, აღსანიშნავია არასაგადასახადო ბენეფიტების მთელი სპექტრი, რომელსაც ჰუალინგის თიზ სთავაზობს ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიებს. მათ შორის გამოსარჩევია პირველადი კაპიტალური დანახარჯების შემცირების შესაძლებლობა. ამაში იგულისხმება საწარმოო ან სასაწყობე შენობის აშენება და კომუნალური უზრუნველყოფა. ადგილზე არსებული შენობები მზად არის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით გამოსაყენებლად, მათ შორის, საშუალო და მცირე ინდუსტრიებისთვის, სასაწყობე დანიშნულებისთვის და ა.შ. მათი იჯარით აღება შესაძლებელია ძალიან კონკურენტუნარიან ფასებში. ამავდროულად, ჰუალინგი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, გააფორმოს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი საიჯარო კონტრაქტები.

მნიშვნელოვანი უპირატესობაა ადგილზე არსებული მომსახურებები და გამარტივებული საბაჟო პროცედურები. ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში მოქმედებს საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში. იმპორტ/ექსპორტის პროცედურები, ხშირ შემთხვევაში, არ აღემატება 1 საათს. ასევე თიზ-ის მიერ კომპანიებისთვის ხდება საბაჟო საბროკერო მომსახურების შეთავაზება. მეტიც, თიზის ადმინისტრაცია ეხმარება მწარმოებელ კომპანიებს წარმოებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატის აღებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და შემდგომში აღნიშნული სერთიფიკატის მიღებაში.

დამატებით, ჰუალინგის თიზ-ი კომპანიებს სთვაზობს მხარდაჭერას სხვადასხვა სახელმწიფო პროცედურების, გარემოსდაცვითი თუ სხვა ტექნიკურ-იურიდიული ხასიათის საკითხების მოგვარებაში, რაც უზრუნველყოფს კომპანიებისთვის რესურსისა და დროის მნიშვნელოვანი ეკონომიის გზით პროექტების სწრაფ და ეფექტურ განვითარებაზე კონცენტრაციას.

შეღავათები ასევე ეხება ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მოხმარებას - მოხმარებული კომუნალური საშუალებები არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით.

ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობები, მრავალ სხვა ლოგისტიკურ, ინფრასტრუქტურულ და მომსახურების მიმართულებით არსებულ ბენეფიტებთან ერთად, ჰუალინგის თიზ-ს აქცევს ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველ ლოკაციად, რითიც აიხსნება ინვესტორთა მზარდი ინტერესი და უკვე განხორციელებული პროექტების სიმრავლე.