კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები15 ნოემბერს აქციას მერიასთან გამართავენ

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული პირები მორიგ აქციას 15 ნოემბერს, 12.00 საათზე, თბილისის მერიასთან გამართავენ , - ასეთი გადაწყვეტილება მათ დღეს ფინანსთა სამინისტროს შენობის წინ გამართული აქციის დასრულების შემდეგ მიიღეს. აქციის ორგანიზატორები დღეს ფინანსთა სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ მიზნით, მათ სამინისტროს მისაღებში აქციის მსვლელობის პარალელურად განაცხადი შეიტანეს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობის“ თავმჯდომარე ლაშა გეგეჭკორი აქციის 4 მონაწილესთან ერთად ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს სერგო ბირკაძეს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციაზე ლაშა გეგეჭკორმა განაცხადა, ამ შეხვედრამ ფაქტიურად შედეგი არ გამოიღო და სამინისტროსგან მათი პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

„ფინანსთა სამინისტრომ ხელი თბილისის მერიისკენ გაიშვირა. კონკრეტულად, დასასრულებელი კორპუსების შემთხვევაში. მათ განაცხადეს, რომ „სახელმწიფოს საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მხრიდან თბილისის მერიის მიმართ არანაირი მითითება არ არსებობს, რომ მათ კორპუსების დასასრულებლად სამუშაოები არ შეასრულონ. თუმცა ბიუჯეტის პროგრამულ ნაწილში ცალსახად წერია, რომ მერიამ თანხები უნდა დახარჯოს მაშინ, როდესაც ამაზე მათ აღნიშნული სახელმწიფო კომისია მიუთითებს. ასევე რაც შეეხება თბილისს და საქართველოს სხვა რეგიონებში დაუსრულებელ კოოპერატიულ მშენებლობებს, სამინისტროში განაცხადეს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ლაშა გეგეჭკორმა.

მისივე თქმით, კოორეპატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები შემდგომ აქციას თბილისის მერიასთან, 15 ნოემბერს, 12.00 საათზე გამართავენ.

როგორც გეგეჭკორი აცხადებს, კორპუსების დასასრულებლად თბილისის მერიის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარია განსაზღვრული, აღნიშნულმა კომისიამ, რომლის თავმჯდომარე ნოდარ ხადურია, ფინანსთა სამინისტროს ვალის დასაბრუნებლად სპეციალური წესის შემუშავება დაავალა. ეს წესი ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 1 თებერვლამდე უნდა შეემუშავებინა, რაც არ შეუმუშავებია.