თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში 14 მლნ ლარის ცვლილებას საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა

თბილისის საკრებულოში სხდომა დასრულდა. 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების საკითხს საკრებულოს 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 კი წინააღმდეგი იყო. ბიუჯეტი 14 მილიონი ლარის ცვლილებას ითვალისწინებდა, საიდანაც 8 მილიონი ლარი თბილისის ბაგა-ბაღებისათვისაა განკუთვნილი.

განსაკუთრებული კამათი სხდომაზე კომუნალური სუბსიდიების თანხების საკითხს მოჰყვა. საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა კომუნალური ვაუჩერის თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კომუნალური ვაუჩერის თანხა არ მცირდება. ჩივიაშვილის განმარტებით, 70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ იმ ოდენობით, რასაც ისინი დღემდე იღებდნენ. კერძოდ, 106 ლარს თვეში. მისივე განცხადებით, საშუალოდ 16 ლარს თვეში ასევე მიიღებენ 70 000-დან 200 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახები.

როგორც ჩივიაშვილმა განმარტა, აღნიშნული თანხის ფარგლებში სოციალურად დაუცველთა ოჯახები შეძლებენ ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ხარჯების ანაზღაურებას. ჩივიაშვილიმა უარყო ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ კომუნალური სუბსიდიებისათვის წლევანდელ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არსებობს.