„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების უფლებების დაცვას მოითხოვს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყველა პასუხისმგებელ უწყებას მიმართავს, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების უფლებები დაიცვან.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, მის წარმოებაშია ორი საქმე, რომელიც ათასობით მოქალაქის დანაზოგს ეხება: საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ მოქალაქეებისგან ანაბრების სახით სესხად აღებული 30 000 000 აშშ დოლარის დაბრუნებას საფრთხე ემუქრება და 20 წლის წინ, შპს „ოქროს საწმისის“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები დღესაც ვერ იღებენ სამართლიან ანაზღაურებას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს მთავარ პროკურატურას, სასამართლოს და სააღსრულებო ბიუროს, ადეკვატური სამართლებრივი შეფასება მიეცეს ფაქტობრივ გარემოებებს და დაცულ იქნას როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ასევე 2016 წელს დაზარალებული მოქალაქეების უფლებები. შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მეანაბრეები კომპანიისთვის სესხად გაცემული თანხების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ. „საფინანსო კომპანია საქართველო“ ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. უკვე 2 თვეა, არ ხდება მეანაბრეთათვის კუთვნილი პროცენტების გაცემა. ახლახან ყადაღა დაედო კომპანიის მოძრავ ქონებას - ავტომობილებს. „საფინანსო კომპანია საქართველო“ 2008 წლიდან შეუსაბამოდ მაღალ - 25 პროცენტში მოქალაქეებისგან იღებდა სესხს, რომელთა ოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. წლების განმავლობაში, კომპანიისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიაც მიმდინარეობდა. საფინანსო კომპანიის ტელერეკლამებში ცნობილი მომღერლები მონაწილეობდნენ. დღეის მდგომარეობით საფინანსო კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო 6000-მდე მოქალაქის 30 000 000 მილიონამდე დოლარის ოდენობით აღებული სესხის თანხის დაბრუნებას საფრთხე შეექმნა“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას უწევს ერთ-ერთ დაზარალებულს, რომელსაც სხვა მეანაბრეების მსგავსად, გარკვეული დანაზოგი სესხის სახით გაცემული ჰქონდა შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსთვის“.

„ამა წლის 4 ნოემბერს მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით და მოითხოვა კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ვალის დაბრუნება. ამასთან, სარჩელის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა ყადაღა დადებოდა კომპანიის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილებს. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - ავტომობილები დააყადაღა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს აფრთხილებდა, რომ საფინანსო კომპანიების მხრიდან არაბუნებრივად მაღალი პროცენტის შეთავაზების პირობებში თავი შეეკავებინათ სესხის გაცემისაგან.

შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და ყადაღა. პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილმა მიმართა სასამართლოს და ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. ამასთან, მოქალაქეები მიმართავენ პროკურატურას, რათა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების (თაღლითობის მუხლით) ფაქტის გამო დაიწყოს გამოძიება. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აწარმოებს შპს „ოქროს საწმისის“ მეანაბრეების საქმეს, რაზეც 2003 წლიდან დღემდე სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელია. მეანაბრეები აცხადებენ, რომ კუთვნილ თანხებს ვერ იღებენ გავლენიანი თანამდებობის პირების პირადი დაინტერესების მიზეზით. წლების განმავლობაში სააღსრულებო ბიურო ცდილობდა აღსრულების პროცესის გაჭიანურებას და დღესაც თბილისის სააღსრულებო ბიურო ცდილობს აუქციონზე გაიტანოს აუზომავი, ნაკლის მქონე უძრავი ქონება მეანაბრეთა მხოლოდ მინიმალური თანხებით დაკმაყოფილების მიზნით. კონკრეტულად, მეანაბრეები ამ საქმის გაჭიანურებასა და მათ მიმართ განხორციელებული უსამართლო აღსრულების პროცესებში ადანაშაულებენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც წლების წინ შპს „ოქროს საწმისის“ მეანაბრეთა მიერ წარმოებულ სასამართლო დავაში, მათი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი იყო“, - აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და მიმართავს ყველა პასუხისმგებელ უწყებას, ყველა დონეზე დაიცვან მეანაბრეთა უფლებები, რათა სახელმწიფომ კვლავ არ მიიღოს ახლო წარსულში კარგად ცნობილი „ოქროს საწმისისა“ თუ „ოქროს თასის“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები.