დავით ნარმანია - ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან

სიამოვნებით დაველოდები კონკრეტულ ციფრებს, მხოლოდ ერთი ციფრის დასახელება, რა შემოსავალს იღებს „სითი პარკი“ წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გაკეთებულ განცხადებებზე, რომ თბილისის მერიას შეუძლია „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუწყვიტოს და პარკირების თანხები თავად ამოიღოს. დავით ნარმანიას თქმით, ამას მეტი არგუმენტი სჭირდება, მას ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.

ნარმანიას თქმით, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს საკრებულოში წარადგენს, დიდი სიამოვნებით მოისმენს საკრებულოს დეპუტატების კონკრეტულ მოსაზრებებს და გაანგარიშებებს, რას მოაკლონ თანხები, რათა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მერიამ „სითი პარკს“ პირგასამტეხლო 25 მილიონი ლარი გადაუხადოს.

„მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნეს იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის თანხა ჩარიცხა კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 2014 წლის აგვისტო არის ის თარიღი როცა საქმიანობას შეუდგა თბილისის მერი დავით ნარმანია. მისივე თქმით, ამ პერიოდის მანძილზე „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო 62 მილიონი ლარი, აქედან თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო. ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. ელისაშვილის თქმით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი.