ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიას მოუწოდებენ, გაწყვიტოს „სითი პარკთან“ ხელშეკრულება

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“ , პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნეს იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის თანხა ჩარიცხა კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე.

ალეკო ელისაშვილის თქმით, 2014 წლის აგვისტო არის ის თარიღი, როცა საქმიანობას შეუდგა თბილისის მერი დავით ნარმანია. მისივე თქმით, ამ პერიოდის მანძილზე „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო 62 მილიონი ლარი, აქედან თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო. ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. ელისაშვილის თქმით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „სითი პარკს“ 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი მერიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, აღნიშნული კომპანია მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარის ამოიღებს.

„ჩვენ ვთავაზობთ თბილისის მერიას, რომ გაწყვიტოს კონტრაქტი „სითი პარკთან“. 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიდოს პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ „სითი პარკს“ უნდა გადავუხადოთ და გავწყვიტოთ ურთიერთობა ამ კომპანიასთან. პარკირება უნდა იყოს მუნიციპალური სერვისი და მერია უნდა მართავდეს მას ერთი წლის მანძილზე. შემდეგ შეიძლება ეს ვადა ან გახანგრძლივდეს, ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს. შემოსული თანხა კი უნდა მოხმარდეს დედაქალაქის პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თავის მხრივ, დავით ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატის მხრიდან იყო მკაფიო დაპირება, რომ „სითი პარკის“ პრობლემას მოევლებოდა ან გადაიხედებოდა ხელშეკრულება ან გაწყდებოდა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო, მაგრამ დამთავრდა კიდეც. დავით ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ მათ ინიციატივას საზოგადოება და სხვა დეპუტატებიც შეუერთდებიან.