საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა შემუშავდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის საკითხებში. აღნიშნული საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის მდგრად განვითარებას განაპირობებს. მემორანდუმის მიზანია საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, ახმეტისა და თუშეთის მუნიციპალიტეტების, ასევე 12 სოფლის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავება.

„მემორანდუმი ითვალისწინებს ახმეტისა და თუშეთის 12 სოფლის სივრცით ტერიტორიულ მოწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის მიხედვით. გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეკოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და ა.შ. ამ ყველაფრის ინტეგრაციის საფუძველზე შემუშავდება დოკუმენტი, რომელიც იქნება საფუძველი რეგიონის განვითარებისა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით სივრცითი ტერიტორიული მოწყობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლის თანახმადაც არაერთი კონკრეტული პროექტი ხორციელდება. როგორც ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ბახმაროს, ბაკურიანის (მიტარბი), იყალთოს, გუდაურისა და სხვა რეგიონების სივრცითი ტერიტორიულ დოკუმენტის შემუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება უზრუნველყოფს პროექტების ტექნიკურ და ფინანსურ განხორციელებას. უკვე გაფორმებულია საგრანტო ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოაგდოებამ გამოყო დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რომლებიც სამინისტროს გაუწევენ ტექნიკურ და ექსპერტულ დახმარებას.