”მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები"

საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებელი კომუნიკაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საჯარო ლექცია ”მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები", გაიმართება. ღონისძიება 25 ნოემბერს სასტუმრო "ფაბრიკაში" მოეწყობა. ლექციას დანიელი ექსპერტი კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, თომას ქოლსთერი ჩაატარებს.

როგორც "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან" იუწყებიან, ლექცია დიდი თუ მცირე კომპანიების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სოციალური საწარმოების წარმომადგენლების, მარკეტოლოგებისა და კომუნიკაციის სფეროს ექსპერტებისათვის, ასევე ზოგადად დაინტერესებული საზოგადოებისათვისაა განკუთვნილი. მათივე ინფორმაციით, ლექციაზე განიხილება სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, სარეკლამო და მედია სივრცე, მდგრადი განვითარების ახალი პარადიგმა, CSR-ისა და ბიზნესის შეცვლილი როლი, კომუნიკაციის გამოწვევები, ტრადიციული ბიზნესის ახალი გამოწვევები და სხვა საკითხები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" და ფონდი "პონტისი" (სლოვაკეთი).

ღონისძიება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც ექვს ქვეყანაში (სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საქართველო და ბელორუსი) ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

თომას ქოლსთერი (დანია) ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი ექსპერტია კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში. ის არის ავტორი კონცეფციისა Goodvertising, რომელიც შეცვლილ საკომუნიკაციო სივრცეში ახალ მიმდინარეობად გადაიქცა. ქოლსტერი ამტკიცებს, რომ მომხმარებელთა ცნობიერება შეცვლილია, მათ ქცევასა და გადაწყვეტილებებს ახლა სულ სხვა ტიპის გზავნილები განაპირობებს. შეიცვალა ასევე საზოგადოების მოლოდინები კომპანიათა მიმართ. გადატვირთულ სარეკლამო ლანდშაფტზე, სულ უფრო მეტი მომხმარებელი ზურგს აქცევს უშინაარსო სარეკლამო მესიჯებს, ხოლო ბრენდები აცნობიერებენ პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობისა და ინოვაციურობის პოტენციალს. ცვლილებების დრო დამდგარია.

”თომასის წიგნში Goodvertising: Creative Advertising that Cares კომუნიკაცია გაანალიზებულია როგორც უკეთესობისაკენ ცვლილების მამოძრავებელი, რომელსაც შეუძლია ბრენდისა და ბიზნეს შედეგების გაუმჯობესება და იმავდროულად ღირებულების შექმნა საზოგადოებისა და პლანეტისათვის. თომასმა ასევე დააფუძნა კრეატიული სააგენტო, რომელიც ეხმარება კომპანიებს გააცნობიერონ ახალი რეალობა და გარდაქმნან რისკები საბაზრო შესაძლებლობებად. თომასი არის საერთაშორისოდ აღიარებული კონსულტანტი, რომელსაც იწვევენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდები, გამოცდილი და მოთხოვნადი ლექტორი და ტრენერი, მუდმივი მსაჯი საერთაშორისო კონკურსებსა და დაჯილდოებებზე, როგორცებიაა D&AD, Creative Circle Award, EthicMark Award and Creative Conscious Award. მას აგრეთვე მიჰყავს საკუთარი რუბრიკა ცნობილ გამოცემაში the Guardian და რამდენიმე სხვა ჟურნალში. მას უწოდებენ `შთამაგონებელ ნოვატორს”, `ინსპირაციულ ლიდერს”, `მისიის ადამიანს” და სხვა.”, - აცხადებენ ორგანიზატორები.