ჩუმათელეთი-ხევის დეტალური პროექტირების ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, ჩუმათელეთი-ხევის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა.ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.

E60 ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოებს, ერთობლივი საწარმო - აეკომი და თემელსუ შეასრულებს. პროექტირება წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წელს დასრულდება.

გამარჯვებულ კომპანიასთან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, საკონტრაქტო მოლაპარაკებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, დეპარატმენტის წარმომადგენლებთან ერთად გამართა.

„ჩუმათელეთი-ხევის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, ჩუმათელეთი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) გზის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი საგზაო მონაკვეთია. აღნიშნული მონაკვეთი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.