თამბაქო ძვირდება, ყველაზე იაფი სიგარეტი 2,5 ლარი ეღირება

2017 წლიდან სიგარეტი კიდევ გაძვირდება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს , შესაბამისად, თამბაქოს პროდუქტი, 40-50 თეთრით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფი სიგარეტის (სტანდარტული კოლოფის) ფასიც კი 2,5 ლარს გადააჭარბებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან იმპორტიორები, რომლებიც მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ. ისინი უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას მოითხოვენ.

გადასახადის ზრდას ითვალისწინებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც აქციზიდან შემოსავალი 1.085 მლრდ ლარს უტოლდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით, აქციზიდან შემოსული თანხა 1.012 მლრდ ლარია, ანუ გაისად ბიუჯეტი, აქციზის გადასახადის დამატებით 73 მლნ ლარს მიიღებს. მატება, ძირითადად, თამბაქოს პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის ხარჯზე მოხდება.

"რეზონანსი" შეეცადა ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებინა ფინანსთა სამინისტროდან, სადაც უკვე მეორედ მუშავდება ბიუჯეტის პროექტი: "გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა წარადგენს 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე. გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან", - აცხადებენ სამინისტროში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული პასუხი აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით არ გააჩნია. ხადურის უწყებაში არ არიან ინფორმირებული იმ საკითხზე, რაც მათ უშუალოდ ეხებათ.

2013 წლის შემდეგ თამბაქოზე აქციზის გადასახადი სამჯერ გაიზარდა. ფილტრიან სიგარეტზე განაკვეთმა 60 თეთრიდან 1,1 ლარამდე მოიმატა, ხოლო უფილტროზე აქციზი 15 თეთრიდან 30 თეთრამდე გაძვირდა. 2015 წლის 1-ლი ივლისიდან კი დაწესდა დამატებითი, ე. წ. ადვალური გადასახადი, რომელიც ამჟამად თამბაქოს საცალო-სარეალიზაციო ფასის 10%-ით განისაზღვრება. მთლიანობაში აქციზის ზრდამ თამბაქოს პროდუქცია, საშუალოდ, 20-15%-ით გააძვირა.

თამბაქოს ინდუსტრიაში მიიჩნევენ, რომ გადასახადის ადმინისტრირება არასწორად ხდება, რამაც საბოლოოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კომპანიებსა და ბიუჯეტზე, არამედ მომხმარებელზეც.

"ჯითიაი კაუკასუსის" მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერმა ივა ხასიამ "რეზონანსთან" დეტალურად ისაუბრა იმ 12 წლიან ვალდებულებებზე, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობას შესთავაზეს. გეგმა ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას.

"თამბაქოს ინდუსტრიის შეთავაზება, რომელიც ოფიციალურად წარედგინა ფინანსთა სამინისტროს, გულისხმობს 12-წლიან გეგმას. საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს აქციზური განაკვეთის ჰარმონიზება ევროკავშირში არსებულ ნიშნულთან. აქციზზე ფასის მატება ერთი მხრივ ბიზნესისთვის იქნება ნათელი ინდიკატორი. სწორი მოლოდინი გვექნება და თავიდან ავიცილებთ რისკს. 12-წლიანი გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 15-20 თეთრით განაკვეთის მატება", - განუცხადა "რეზონანსს" ხასიამ და იქვე დასძინა, რომ მომხმარებლის ზრდა ან კლება, ფასის მატების მიუხედავად, არ შეიმჩნევა, თუმცა შეიცვალა სეგმენტი.

"აქციზის მატებას სიგარეტის რეალიზაციის შემცირება არ გამოუწვევია, თუმცა აშკარაა, რომ მოსახლეობა უფრო დაბალფასიან თამბაქოზე გადავიდა. გაძვირებამ ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქციაც მოამრავლა. სამომავლოდ, სწორედ მსგავსი რისკების თავიდან ასაცილებლად ელის თამბაქოს ინდუსტრია მათ მიერ წარდგენილი აქციზის მატების 12-წლიანი გეგმის დამტკიცებას", - ამბობს ხასია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლის ანდრია გვიდიანის თქმით, აქციზის ზრდა ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავალია და ეს ერთგვარი ფისკალური პოლიტიკაა. მისი აზრით, აქციზზე მატება სამომავლოდ მწეველთა რაოდენობას შეამცირებს.

"ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკაა ის, რომ აქციზის ზრდის ხარჯზე შეამცირონ მომხმარებელთა რაოდენობა. ეს ნაბიჯი ბიუჯეტისთვისაც ფინანსურად მომგებიანია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მეორე საკითხია რეალურად ეს რამდენად აისახება მოხმარების შემცირებაზე. ყველაზე დაბალფასიანი სიგარეტი 2-დან 2,20 ლარამდე ღირს, მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა რაოდენობა არ ცვლება და ისევ იმდენი მწეველი გვყავს, რამდენიც წინა წლებში. აქციზის ზრდა არის ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავალი, სხვა მოტივი იმისა, რომ აქციზი გაიზარდოს, მე ვერ ვხედავ", - განუცხადა "რეზონანსს" გვიდიანმა.

თამბაქოს ლეგალურ ნარკოტიკულ პროდუქტად მიიჩნევს "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე, რომელიც აქციზზე ფასის ზრდას მიესალმება და შესაბამისი უწყებიდან ამაზე კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს.

"თამბაქოზე ფასის ზრდა პირდაპირ არ იწვევს მოთხოვნის შემცირებას, მით უმეტეს ისეთი მცირე დოზით მომატება, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა ბოლო წლებში. 15-20 თეთრით გაძვირება რეალურად ვერ შეამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი კომპანია, გადასახადის გაზრდის მიუხედავად, ინარჩუნებს ფასს. მათ მოგების მარჟა შეამცირეს, რათა გაყიდვის მაჩვენებელი არ შემცირებულიყო. ამ პროდუქტის თვითღირებულება არის 20 თეთრი (დანარჩენი გადასახადებია) და საშუალო ფასი დღეის მდგომარეობით 2,20 ლარი. მოგება არის უზარმაზარი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფასი შესამჩნევად გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში რაღაც ნაწილი ან თავს დაანებებს მოწევას, ან შეამცირებს მოხმარებას", - განუცხადა "რეზონანსს" ბახტურიძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"