დავით ნარმანია - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა 800 მილიონი ლარი იქნება

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა სავარაუდოდ, 800 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუ როდის მოხდება თბილისის საკრებულოსთვის თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, რა იქნება პრიორიტეტები და როგორ იქნება მოცულობა. დავით ნარმანიას თქმით, ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა სრულდება და 15 ნოემბრამდე იგი თბილისის საკრებულოს წარედგინება. დედაქალაქის მერმა დაასახელა ის პრიორიტეტები, რაც 2017 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნება.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო პრიორიტეტია გამოკვეთილი, რაც დაკავშირებულია საბავშვო ბაღების მშენებლობასთან, ზოგადად მომავალზე ზრუნვასთან, გამწვანება, ეკოლოგია კვლავაც პრიორიტეტი იქნება. ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები, ეს იქნება ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ, ისევე როგორც ტრანსპორტის მიმართულებით. მომავალ წელს ავტობუსების შემოყვანა დასრულდება, მეტროპოლიტენის და მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია განხორცხიელდება და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ასე რომ, მომავალი წელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება პროექტებითა და პროგრამებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, იგი ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა 800 მილიონი ლარი იქნება, რომელიც რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში გაიზრდება.