საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირები რეგულაციების შემოღების პროცესში მძღოლების ჩართვას მოითხოვენ

საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირები რეგულაციების შემოღების პროცესში ტაქსის მძღოლების ჩართვას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირებმა და მძღოლების ნაწილმა იპოდრომთან აქცია გამართა. საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირების თავმჯდომარის ნანა ფილაურის თქმით, მათთვის ცნობილია, რომ თბილისის მერია ამზადებს გარკვეულ რეგულაციებს, რომელიც შეეხება ტაქსის მძღოლებს, თუმცა უცნობია თუ რა ტიპის რეგულაციებზე იქნება საუბარი. შესაბამისად, ნანა ფილაური მოითხოვს მოხდეს პროცესში პროფკავშირების ჩართვა, რათა მთლიანად რეგულაციების შემოღების პროცესმა უფრო გამჭვირვალე ვითარებაში ჩაიაროს.

”ცნობილია, რომ მზადდება ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით გაურკვეული რეგულაციები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის ბოლოდან ან 2017 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედდეს რეგულაციები, თუმცა უცნობია რა ტიპის რეგულაციებზეა საუბარი, იქნება თუ არა ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებზე ან ტაქსის კომპანიებზე მორგებული, აქედან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რეგულაციები თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლების და კომპანიების სამუშაოს გარეშე დატოვებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვთავაზობთ კომპეტენტურ პირებს, რომ მოხდეს ჩვენი ჩართულობა, რათა გამოვთქვათ ტაქსის მძღოლების ინტერესები და რეგულაციები მორგებული იყოს ტაქსის მძღოლებზე”, - განაცხადა საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირების თავმჯდომარე ნანა ფილაურმა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციებზე მუშაობს თბილისის მერია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ერთად, უთანასწორო პირობები შეიქმნება საქართველოს ბაზარზე, რადგანაც საქართველოს სხვა რეგიონებში მომუშავე ტაქსისტები უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებთან შედარებით.