„ლებეკის“ პალტოები წარწერით „დამზადებულია საქართველოში“ ევროკავშირში იყიდება

სამკერვალო ბიზნესი საქართველოში ფართოდ გავრცელებული საქმიანობა იყო საუკუნეების განმავლობაში.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამკერვალო საქმიანობა მეტ-ნაკლებად შესუსტდა. ბოლო პერიოდში კი კვლავ ზრდის ტენდენციები შეინიშნება. საქართველოში წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი საექსპორტოა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება.

პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანაში ერთ-ერთი პიონერი სამკერვალო კომპანია „იმერია“, რომელიც 1928 წელს ჩამოყალიბდა. 1996 წლიდან „იმერი“ გერმანული ბრენდის „ლებეკისთვის“ ქმნის პროდუქციას, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენთან წარმოებული პროდუქცია კავშირის სრული მასშტაბით იყიდებოდა. ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმის მცირე ნაწილი რჩებოდა. საბჭოთა ჯარის ტანსაცმელიც ჩვენთან იკერებოდა. რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად არ გვქონდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სრულ ვაკუუმში აღმოვჩნდით. ჩვენ ნაწარმის ექსპორტს დამოუკიდებლად ვეღარ ვახდენდით. ამ დროს გერმანული ფირმის „ლებეკის“ გამოჩენა ხსნასავით იყო ჩვენთვის. ფირმამ წარმომადგენლობა გამოგზავნა საქართველოში პოტენციური პარტნიორების მოსაძებნად. ძალიან ვიაქტიურეთ მაშინ და შევძელით თანამშრომლობაზე შეთანხმება. 1996 წლიდან ჩვენ პარტნიორები ვართ. „ლებეკს“ შემოაქვს ნედლეული, გვთავაზობს თავის მოდელებს და ქარგებს და ჩვენ ვამუშავებთ მათ“, - განმარტავს „იმერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სიმონიძე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომპანიის საქმიანობის გააქტიურებას ხელი შეუწყო ერთი მხრივ სახელმწიფომ, მეორე მხრივ კი - საერთაშორისო პროექტებმა. იმ პერიოდში სამკერვალო ფაბრიკების მონაწილეობით შეიქმნა კორპორაცია, რომელიც საამქროების საქმიანობის გამარტივებისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებდა. მისი დახმარებით, „იმერი“ ქსოვილის შემოტანის დროს არ იხდიდა დღგ-ს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ სირთულეს კორუმპირებულ საბაჟოსთან ურთიერთობა წარმოადგენდა.

„პრობლემების დაძლევაში დიდი როლი ითამაშეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია USAID-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც უდიდესი გამოცდილების მქონე ექსპერტი გვეწვია ფინეთიდან. მან ბიძგი მისცა იმას, რომ ჩვენ აქტიურად გვემუშავა ქართულ ბაზარზე. ჩაატარა ტრენინგები, დაგვეხმარა ბინზესგეგმის შედგენაში. შედეგად თბილისსა და ქუთაისში მაღაზიები გავხსენით,“ - აღნიშნავს მაია სიმონიძე.

მისივე განმარტებით, გერმანულ თუ სხვა უცხოურ ფირმებთან თანამშრომლობამ განაპირობა, რომ „იმერი“ საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს არა მხოლოდ წარმოებული პროდუქციის ხარისხის კუთხით, არამედ სოციალური და შრომითი პირობების მხრივ.

„ამჟამად კომპანიაში 460 ადამიანია დასაქმებული. საამქრო ორ სეზონად მუშაობს. „ლებეკთან“ ხელშეკრულებას წელიწადში ორჯერ ვდებთ. საექსპორტოდ ყოველწლიურად 4-4,5 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციას ვაწარმოებთ. ამჟამად ვეძებთ ახალ პარტნიორებს. საამქროს კიდევ 150 თანამშრომლის დამატების შესაძლებლობა აქვს,“ - აღნიშნა „იმერის“ დირექტორმა გიორგი ჭიღლაძემ.

მისივე თქმით, საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმია.

„სხვა სამკერვალო კომპანიებს წარმატების მიღწევა თუ უნდათ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ვურჩევ ევროპული სტანდარტის მქონე პროდუქცია შექმნან და გეგმით გათვალისწინებული დრო დაიცვან,“ - დაამატა ჭიღლაძემ.

„იმერისა“ და სხვა რამდენიმე სამკერვალო ფაბრიკის აქტიური მუშაობის შედეგად ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტო პროდუქციის ათეულში მეათე პოზიციას ქალის ლაბადები და პალტოები იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტმა 7 847 ათასი დოლარი შეადგინა. 2015 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 167 ათასი დოლარი იყო.

ევროკავშირის ქვეყნებში ლიდერი საექსპორტო პროდუქტების სია ასე გამოიყურება: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი, ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი, სასუქები მინერალური ან ქიმიური, ფეროშენადნობები, სპირტიანი სასმელები, რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონებისთვის.

ნანა მღებრიშვილი