ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია შსს-ს მოუწოდებს, რომ ე.წ.ხიშნიკების მიმართ გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია სხვადასხვა უწყებებს მძღოლთა შრომითი უფლებების მდგომარეობის გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ მძღოლთა შრომითი უფლებების დაცვის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევაში საუბარია მძღოლთა უფლებებზე, ასევე ხელშეკრულებებზე, რომელიც მათ გაფორმებული აქვთ დამქირავებელთან. კვლევაში საუბარია დიდ სამუშაო გრაფიკზე, ასევე არასათანადო ანაზღაურებასა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე.

როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი სხვადასხვა უწყებებს რეკომენდაციით მიმართავენ, რათა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლთა უფლებების დაცვა.

„გამოვლინდა ბევრი დარღვევა, რომელიც ზრდის რისკს საგზაო უსაფრთხოების სფეროში. მაგალითად, არიან ისეთი მძღოლები, რომელთაც გადაჰყავთ მგზავრები მართვის მოწმობის შეუსაბამოდ. ასევე კვლევაში გამოიკვეთა, რომ მძღოლების უფლებები ძირითად შემთხვევებში დაცული არ არის. მათ არ იციან, ვის მიმართონ უფლებების დასაცავად. ასევე დარღვეულია შრომის პირობები. ჩვენ ვთავაზობთ უწყებებს კონკრეტულ რეკომენდაციებს. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ ე.წ. ხიშნიკების მიმართ, რომელთაც შეუსაბამო მართვის მოწმობები აქვთ, გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები, ასევე მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ქვეყანაში უკანონო სადგურების არსებობა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რეკომენდაცია გვაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლისთვისაც სავალდებულოა ტექნიკური დათვალიერების გავლა, მოხდეს მათი ადმინისტრირება, რადგანაც დღემდე გზებზე ხვდება ისეთი ტრანსპორტი, რომელსაც არ აქვთ გავლილი ტექნიკური დათვალიერება. მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ შრომის ინსპექციამ მოახდინოს იმ პუნქტების პოპულარიზაცია, რაც მძღოლთა შრომითი უფლებების დაცვას ეხება. ასევე მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს, მოახდინოს სადგურებზე სტანდარტების დაცვა“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისივე თქმით, მათ რეკომენდაციები აქვთ თბილისის მერიასთანაც.

მესხიშვილი აცხადებს, რომ რეკომენდაციები ძირითადად ეხება „თბილისის მიკროავტობუსის“ ირგვლივ არსებულ სიტუაციას და თბილისის მეტროს მემანქანეების სამედიცინო დაზღვევის საკითხს. კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანადაფინანსებით ჩატარდა.