საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება

როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-ფარავანი) კმ94-კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.