როგორ დაიწყო პროფესიით პედაგოგმა მეფუტკრეობა

ლეილა ბერიძე და მისი ოჯახი ერთ-ერთია, ვინც 1989 წელს იძულებული გახდა ხულოს რაიონი დაეტოვებინა და ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში დასახლებულიყო. იმ პერიოდში ჰერეთისკარში მათთან ერთად 100-მდე ოჯახი ჩამოასახლეს.

პროფესიით პედაგოგმა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდას" პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა ბიზნესის დაფინანსება მოიპოვა და მეორე პროფესია მეფუტკრეობა დაიწყო. ელენე ბერიძემ მეფუტკრეობა მეუღლის ოთარ სურმანიძის რჩევით დაიწყო. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ოთარ სურმანიძემ განაცხადა, მამამისიც მეფუტკრე იყო.

„ჩემი წინაპრებიც მეფუტკრეები იყვნენ. ამიტომ ფუტკრის გამრავლებას მე და ჩემი მეუღლე სულ ვცდილობდით. ტექნიკის არქონის გამო ხშირად თაფლს ვერ ვიღებდით. ახლა სულ 30-მდე ფუტკრის ოჯახი მყავს. ვფიქრობ, ზაფხულში 50 ფუტკარი გვეყოლება. პირველ თაფლს უკვე მაისში, პირველი აკაციის აყვავებისთანავე ველოდებით“, - აცხადებს სურმანიძე.

თაფლის რეალიზაციას ბოდბის ბაზარში ახდენენ, ხანდახან კი აზერბაიჯანელები მათ თაფლს ადგილზეც ყიდულობენ. თუმცა ფიქრობენ, რომ მომავალში თაფლს თბილისში, ბათუმსა და თურქეთშიც გადაიტანენ. გარდა ამისა, ევროპის ბაზარზე გატანასაც არ გამორიცხავენ.

ოთარ სურმანიძის თქმით, თავდაპირველად 400-500 კილო თაფლის აღებას ელოდება, თუმცა მომავალში ფიქრობენ, რომ ტონა თაფლის აღებასაც შეძლებენ.

ლეილა ბერიძე ხულოდან უკვე 27 წელია წამოვიდა, მაგრამ ნოსტალგია ყოველთვის აწუხებს. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აჭარის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.

"აჭარიდან ჯერ ხონის რაიონში ჩავსახლდი, შემდეგ აქ, ჰერეთისკარში გადმოვსახლდი, სადაც ჩემი ნათესაობა იყო. 89-ში წამოვედი. მთელი სოფელი აქ წამოვიდა, ყველა ნაცნობი იყო და შეგუება არ გამიჭირდა. სანამ ფეხს მოვიკიდებთით, ძნელი კი იყო, მაგრამ ახლა თავს ისე ვგრძნობთ, როგორც აჭარაში. კონტაქტი სულ მაქვს აჭარასთან, რა ვქნა, აჭარის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია", - განაცხადა ლეილა ბერიძემ.

ლიკა ამირაშვილი