თხილის ფასი 2-დან 6 ლარამდე მერყეობს

დაბალი ხარისხის თხილის გამო ადგილობრივ მწარმოებლებსა და ევროპელ პარტნიორებს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა.

თხილის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის, კოოპერატივ "დარჩელის" დირექტორის ლაშა ესებუას თქმით, ამჟამად თხილის ფასი 2-დან 6 ლარამდე მერყეობს.

"ისევ და ისევ, პროდუქტის დაბალმა ხარისხმა განაპირობა უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. მოსავლიანობა ძალიან მცირე იყო და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ. თხილის ფასი ხარისხის მიხედვით დგება და ამ ეტაპზე 2-დან და 6 ლარამდეა. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი მაინც ე.წ. დაბალ ზონის, ზღვისპირეთში მოყვანილი თხილი იყო, რომლის საშუალო ფასი 4 ლარი გამოვიდა. ამიტომ, ამ სეზონზე, ძირითადად, საშუალო ხარისხის პროდუქციით მოგვიწია მუშაობა", - აცხადებს ლაშა ესებუა.

მისი თქმით, ბოლო დროს ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა და იქაურ გლეხებს გადმოტანაც ძვირი უჯდებათ.

"ე.წ. რუსი მებაჟეები, 1 კგ თხილში ეროვნული ვალუტით 1 ლარს ახდევინებენ. ამიტომაც წლეულს, შარშანდელთან შედარებით, მცირე რაოდენობა შემოიტანეს", - ამბობს ესებუა.

"დარჩელის" დირექტორის თქმით, თხილის დაბალი ხარიხის გამო ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე არიან დამოკიდებული, არადა ევროპაში ექსპორტის შანსიც ჰქონდათ.

"ძირითადად, იტალიელებთან გვქონდა მოლაპარაკება, მაგრამ ერთ ეტაპზე, ანუ ერთ დატვირთვაზე მინიმუმ 22 ტონა თხილის გული უნდა მიგვეცა, რასაც 60-65 თხილი სჭირდებოდა, ხარისხმა კი ამის საშუალება არ მოგვცა. იმედია, მომავალ წელს, ეს პრობლემა არ დადგება. ამაში სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, თორემ გლეხი და მეწარმე ვერაფერს გახდება. ამ დღეებში შევხვდით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს და დაგვაიმედეს, რომ მარტიდან, თხილის პლანტაციების მასშტაბური შეწამვლა განხორციელდება. სხვა შემთხვევაში, იმ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიც არის, "ნაცარი", "ხარაბუზა" და სპეციფიური ხოჭო, რომელიც მცენარეს ანადგურებს, გლეხები და ფერმერები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებიან. შეგვპირდნენ, რომ შესაწამლი პრეპარატების ძირითად თანხას დააფინანსებენ", - აცხადებს ლაშა ესებუა.

ლალი პაპასკირი