ამერიკის სავაჭრო პალატას საქართველოში ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად რ. მაიკლ ქაუგლი აირჩიეს.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, პრეზიდენტის გარდა, ასევე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები და დირექტორთა საბჭოს ახალი წევრები.

პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს სარა უილიამსონი, რომელიც ამ დრომდე პრეზიდენტი იყო. ხოლო ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე ირაკლი ბაიდაშვილი რჩება.

ახალი პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგლი უკვე 19 წელია საქართველოში ცხოვრობს. ქაუგლი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი და დამაარსებელი გახლავთ. ის ასევე იყო საქართველოს მთავრობის მრჩეველი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების განხორციელების ფარგლებში.

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მაიკლ ქაუგლი სხვადასხვა ენერგო და საგანმანათლებლო სფეროს პროექტების მენეჯერად მუშაობდა 40-ზე მეტ ქვეყანაში. გასულ წლებში ასევე იკავებდა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, მანამდე კი ვიცე- პრეზიდენტი/ხაზინადარი გახლდათ. ამის გარდა, ბატონი ქაუგლი არის UNDP-ის Global Compact მმართველი კომიტეტის წევრი საქართველოში, საქართველოს მთავრობის ანტი-კორუფციული საბჭოს წევრი და საქართველოს წარმომადგენელი “OECD სამართლიანი ბიზნეს წარმოების ინიციატივაში” (Responsible Business Conduct Initiative). მაიკლ ქაუგლი ფლობს ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიდან (UC Berkeley) და არის სადოქტორო კანდიდატი.

პირველი ვიცე-პრეზიდენტი სარა უილიამსონი, რომელიც წარმოშობით დალასიდან არის, საქართველოში 1998 წლიდან იმყოფება. უილიამსონი ჰოლდინგ UGT group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ვიცე-პრეზიდენტი - ხაზინადარი ირაკლი ბაიდაშვილი გახლავთ GMT Group-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. GMT Group წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში განხორციელებულ უმსხვილეს ინვესტიციას და ფლობს Marriott-ის ორ სასტუმროს, ფუნიკულიორის რესტორანსა და მნიშვნელოვან უძრავ ქონებას თბილისში.

საქართველო ამერიკის სავაჭრო პალატა არის საერთაშორისო ბიზნეს-ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთიერობის განვითარებას და წარმოადგენს ბიზნესის ინტერესების დამცველს საქართველოში.

ნანა მღებრიშვილი