პორტალი silkschool.ge - სასკოლო საგნების მოსმენა კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით გახდა შესაძლებელი

პორტალი silkschool.ge ერთი თვის წინ აამოქმედა კომპანია სილქნეტმა და მისი მომხმარებლები არიან, როგორც სკოლის მოწაფეები, ისე პედაგოგები და მშობლები. ყველა სასკოლო საგნის დისტანციურად შესწავლა, ვიდეო-გაკვეთილების სახით ამ საიტიდან მიმდინარეობს.

პორტალის მოხმარება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია - სახლში, მგზავრობისას, აგარაკზე, სტუმრად. მასზე განთავსებულია: ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, ინგლისურის ვიდეო გაკვეთილები. შეთავაზებულია საძიებო სისტემა, რომელიც ამარტივებს ამა თუ იმ გაკვეთილის, კლასის, სხვადასხვა თემის ან პედაგოგის არჩევას. მსურველი უფასოდ გადის ავტორიზაციას ფეისბუქით, ან რეგისტრირდება საიტზე ელექტრონული ფოსტით და ქმნის საკუთარ პროფილს.

"მნიშვნელოვანია, რომ პორტალი ადაპტირებულია ნებისმიერი მობილური მოწყობილობისთვის, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის მისაღებ დროს, სასკოლო საგნებში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით ცოდნა გაიღრმაოს, დამატებით მოემზადოს კონკრეტულ დისციპლინაში, გადაიმეოროს განვლილი მასალა, მოიძიოს სასურველი თემა, შექმნას ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც მისთვის მისაღებ დროს მიადევნებს თვალს“ - განმარტავენ სილქნეტში.

ვიდეო-გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი, მაგრამ მშობელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და თვალს ადევნებს ბავშვის აქტივობას, ასევე სარგებლობს და უსმენს სხვადასხვა ვიდეომასალას შვილთან ერთად.

„განსაკუთრებით ინგლისური ენის დავალებების მომზადებისას ვიყენებთ „საშინაო სკოლის“ საიტს. აბსოლიტურად იდენტურია მასალა, რომელსაც სკოლაში უხსნიან ბავშვს და მასალა, რომელიც საიტზეა. ასევე, რაც მოგვწონს, ის აუდიო ჩანაწერია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სკოლაში ვერ უსმენს ბავშვი, მაგრამ ამ ვიდეო-გაკვეთილს თან ახლავს. იმდენად მარტივი მენიუ აქვს, რომ პატარა ასაკის მსმენელიც დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, რთავს ვიდეო-გაკვეთილს და ინდივიდუალურად იღებს ცოდნას,“ - აცხადებს პატარა ზუკას დედა.

ელენე აბიტურიენტია და ცოდნის მიღების საკუთარი სისტემა აქვს შემუშავებული. ამბობს, რომ საიტი http://www.silkschool.ge/ ეხმარება მას:

„როცა „საშინაო სკოლის“ პროგრამა მხოლოდ SilkTV-ში იყო, ბევრ უხერხულობას მიქმნიდა. უნდა დამეკავებინა ტელევიზორი დიდი ხნით. რაც საიტი შეიქმნა, ეს პროცესი ბევრად მომწონს და უფრო მოვირგე. ყურსასმენებით, ჩემი მობილურით განვმარტოვდები და ვუსმენ „ამოჩემებულ“ საგნებს - განსაკუთრებით ისტორიას და ზაზა აბაშიძეს, ასევე საინტერესოა გია მურღულიას და ავთანდილ არაბულის სალექციო კურსი. ერთ დღეში შემიძლია რამდენიმე საგანში სწრაფად მომზადება. თითოეული ვიდეო გაკვეთილი მხოლოდ 15-20 წუთს გრძელდება“.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება დიდი ხნის წინ მიიღო, ლელუმ კულინარიის კოლეჯში ჩაბარება გადაწყვიტა და იმ მივიწყებული საგნების აღდგენას ცდილობს, რაც გამოცდებისთვის ესაჭიროება:

„როცა ბიოლოგიას, გეოგრაფიას, მუდმივად აიგნორებ, ხოლო ფიზიკის და ქიმიის კაბინეტებს იმით ცნობ, რომ „სამასწავლებლოს“ გვერდითაა, ფაქტობრივად ფუნდამენტი გაქვს გამოცლილი. საბუნებისმეტყველო საგნები ახლა დამჭირდა - ქიმია და ბიოლოგია. თავიდან სასკოლო წიგნების მომარაგება დავიწყე, მივხვდი რომ ასე შორს ვერ წავიდოდი. პორტალმა მიხსნა! ბევრად გამიადვილა გადამეორების პროცესი. როგორც ვატყობ ამ ორივე დისციპლინას 2 თვეში ხელახლა ავითვისებ“, - ამბობს ლელუ.

პროექტი ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. პორტალზე http://silkschool.ge/ რეგისტრაცია შესაძლებელია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. რეგისტრირებულ მომხმარებელს სრული წვდომა აქვს ყველა ვიდეოსთან, კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით.

პორტალი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოდ.