მშრალ ხიდთან ქვეითთა უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

„გაუღიმე და გაატარე“ – ამ სახელწოდებით მშრალ ხიდთან ქვეითთა უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

როგორც თბილისის მერია იუწყება, „საქართველოს მწვანე ავტოკლუბმა“ ღონისძიება მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით დაგეგმა.

„თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეითთა გადასასვლელია, რადგან ავტომანქანების გადატვირთული მოძრაობაა. მძღოლებს ვთხოვთ, ე.წ. „ზებრასთან“ მიახლოებისას შეანელონ სვლა და გაჩერდნენ, თუკი ფეხით მოსიარულე გადადის.

მეტიც, ქვეითი გაატარონ მაშინაც, როცა გზის რომელიმე მონაკვეთზე გადასასვლელი მონიშნული არ არის“, - განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

„გაუღიმე და გაატარე“ - ამ სლოგანით „საქართველოს მწვანე ავტოკლუბი“ დედაქალაქში რამდენიმე მისამართზე გეგმავს აქციას, რომლის მიზანიც მძღოლებისა და ქვეითებისთვის მოძრაობის წესების დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა.