"დღეს ეთიოპიის, ზიმბაბვესა და თურქეთის ვალუტები გაუფასურდა და მთავრობას ძალიან გაუხარდება, ხვალ იტყვიან, რომ ესაა ლარის გაუფასურების მიზეზი"

დღეს გაუფასურდა ეთიოპიის, ზიმბაბვესა და თურქეთის ეროვნული ვალუტები და ძალიან გაუხარდება მთავრობას, ხვალ იტყვიან, რომ ესაა ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლებას ჯანსაღი ბიუჯეტი ახლა გაახსენდა და მასზე აქცენტის გადატანა, ფაქტობრივად, არის აღიარება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მოტყუებით.

„ახლა გაახსენდათ ჯანსაღი ბიუჯეტი, ახლა გვარწმუნებენ, რომ ქამრებს შემოიჭერენ, ახლა გვეუბნებიან, რომ შეიკვეცება ბიუროკრატიული ხარჯები. ვნახოთ, შემოვა ბიუჯეტი და განვიხილავთ მას. მაგრამ ბიუჯეტზე აქცენტის გადატანა, ფაქტობრივად, არის აღიარება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მოტყუებით. იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტში არც ერთი მათი საარჩევნო დაპირება არ არის ჩადებული. აქ არ არის პენსიების ზრდა, მასწავლებლების ხელფასების ზრდა. სად არის ბიუჯეტში, ან როდის იქნება, ვის ატყუებდით, რომ 1000 კილომეტრ გზას ააშენებდით, მათ შორის, ნახევაზე მეტ ავტობანს. სად იქნება 50 გვირაბი ან 50 ხიდი, რომელსაც თქვენივე პროგრამით ამას 3 ნახევარი მილიარდი სჭირდებოდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება იტყვის, რომ ის დაპირებები, რომელიც არ იქნება ბიუჯეტში ჩადებული, თურმე ლარის პრობლემითაა გამოწვეული, ხოლო ლარის პრობლემას კი საგარეო ფაქტორებს დააბრალებს.

„საგარეო ფაქტორები მუდამ მოიძებნება ხან ერთ ქვეყანაში, ხან მეორეში. ახლა ვუყურებდი კურსს და დღეს გაუფასურდა ეთიოპიის, ზიმბაბვესა და თურქეთის ეროვნული ვალუტები და ძალიან გაუხარდება მთავრობას, ხვალ იტყვიან, რომ ამ ვალუტების გაუფასურებაა ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი. ეს ასე არ არის. ეს არის ხელისუფლების 4 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგი, 4 წლის განმავლობაში წარმოებული არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგი, 4 წლის განმავლობაში დაშვებული უკანონობის შედეგი“, - განაცხადა გოცირიძემ.