ძლიერმა ქარმა პრობლემები სამეგრელოს რეგიონშიც შექმნა

ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. უფრო კონკრეტულად, ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებია დაზიანებული ასევე ფოთში.

მათივე განმარტებით, სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური.

”ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტებში. უფრო მეტად პრობლემურია ზუგდიდის, ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტები, სადაც ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ყველა პრობლემურ კერაზე მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.