ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილია წარდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახალ მინისტრთა კაბინეტში კვლავ ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება. როგორც პრემიერ-მინისტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრთა დასახელებისას, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს კვლავ დიმიტრი ქუმსიშვილი შეინარჩუნებს, რომელიც ამავდროულად ფინანსთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.

”დიმიტრი ქუმსიშვილი არის ჩვენს გუნდში გამოცდილი ფინანსისტი, ეფექტური მენეჯერი და აქვს სხვადასხვა უწყებაში მუშაობის გამოცდილება. ის კვლავ შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს. მისი აქტიური მოღვაწეობით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით განხორციელება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია, ტექნო პარკების შექმნა. ასევე მას დიდი წვლილი მიუძღვის „აწარმოე საქართველოს“ განხორციელებაში,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე-პრემიერის პოსტზე კახა კალაძე წარადგინა და აღნიშნა, რომ კალაძე დაუბრუნდება ენერგეტიკის სამინისტროსაც.

”ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კვლავ კალაძე იქნება, ასევე ის დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც. კახიმ ზედმიწევნით კარგად იცის ენერგეტიკის სფეროს გამოწვევები. მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ელექტროფიცირდა ისეთი სოფლები, რომელთაც ელექტროენერგია არასდროს მიეწოდებოდა. ასევე აშენდა თბოელექტროსადგურები და განსაკუთრებით ქარელში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გამოვყოფ,” - განაცხადა კვირიკაშვილმა.