გია ხუხაშვილი ეკონომიკურ გუნდში გადაადგილებებს ოპტიმიზმით უყურებს

ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ რაიმე ტიპის წარმატების გარანტიებზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შეფასებისას განაცხადა. ხუხაშვილმა ეკონომიკური გუნდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადანაცვლება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ეს უფრო მისი სფეროა, ვიდრე ეკონომიკა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გახარიამ თავი აჩვენა, როგორც საკმაოდ კარგი კომუნიკატორი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ანუ პოტენციურ ინვესტორსა და ეკონომიკურ პოლიტიკას შორის, რაც საინტერესო პოტენციალს აჩენს.

გია ხუხაშვილი ეკონომიკურ გუნდში გადაადგილებებს ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა ჯერ რამეზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

”მოდით, მივცეთ ამ ადამიანებს 100 დღე, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან. ფაქტია, რომ ის ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელიც დეკლარირებულია, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ძალიან დაიმედებული ვიყოთ. მე ვფიქრობ, უფრო რადიკალური და მასშტაბური ნაბიჯები აქვს ეკონომიკურ გუნდს გადასადგმელი, რომ მთავარ გამოწვევებს უპასუხოს. თავად კადრებთან მიმართებაში პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება მოხდა. მთავარი კითხვა არის სხვა, სახელებს და გვარებს რომ თავი დავანებოთ, უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ეს გუნდი იღებს პასუხისმგებლობას და მესამე მხარე არ აპელირებს. ეს არის ცენტრი, ვისთანაც პრეტენზია უნდა გვქონდეს, ან ვინც უნდა შევაქოთ. მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობით ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე კი გიორგი გახარია წარადგინა.