მსოფლიო ბანკი : “2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,4 % იქნება“

”ქვეყნის მთავარი გამოწვევები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სიღარიბე და უმუშევრობაა“

მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლიურ 3,4 პროცენტს მიაღწევს. წლის პირველ ნახევარში კი ეს მაჩვენებელი 2,9 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა. ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი 2016 წელს სიღარიბის დონის შემცირდებაა. წლიური ინფლაცია კი 2,5 პროცენტი იქნება.

”ჩვენ გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ზრდის მიზეზი გაუმჯობესებული საგარეო მდგომარეობა და ის რეფორმებია, რომელსაც მთავრობა ატარებს. მნიშვნელოვანია ხარჯების და შემოსავლების დაბალანსება. ასევე, აუცილებელია, რომ ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს შექმნილი და ამას მოსახლეობაც გრძნობდეს,” - ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნა მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის მთავარმა ეკონომისტმა, ჟენევიევ ბუიარომ.

ანგარიშის მიხედვით, ექსპორტი და სხვა ქვეყნებიდან შემოსული ფინანსური რესურსი წლის განმავლობაში შემცირდა. ამის საპირისპიროდ, გაიზარდა სამშენებლო და სხვა არასავაჭრო ბიზნეს საქმიანობების მოცულობა. სწორედ ამ მაჩვენებელმა განაპირობა მშპ-ს ზრდა.

უმუშევრობის მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის. მიზეზი შემდეგი სექტორების ზრდაა: საჯარო ადმინისტრირება, განათლება და სოციალური სერვისები. საპირისპიროდ, შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი სოფლის მეურნეობაში.

2016 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 4-5 პროცენტი იქნება. მიზეზი კი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი შემთხვევები და სოციალური ხარჯებია.

ეკონომისტი ჟენევიევ ბუიარო საქართველოს სტრუქტურული პოლიტიკის გატარებას ურჩევს.

”ქვეყნის მთავარი გამოწვევები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სიღარიბე და უმუშევრობაა. უმუშევრობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია განათლების სფეროში რეფორმების გატარება. სამუშაო ძალამ მეტი უნარ-ჩვევები უნდა შეიძინოს. მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდაც. ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ პროდუქციის, არამედ სერვისის ექსპორტსაც. მაგალითად, სომხეთმა ძალიან წარმატებით დანერგა ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი. რატომ არ უნდა ვცადოთ ჩვენც იგივე?” - განმარტავს ჟენევიევ ბუიარო.

2017-2018 წლებში მშპ-ს ზრდა 5 პროცენტამდეა ნავარაუდები. ამის მიზეზი კი საგარეო ბაზრებისა და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა იქნება. ესტონური საგადასახადო მოდელის დანერგვა რეალურ შედეგს 2017-2019 წლებისთვის გამოიღებს. 2017 წელს გაიზრდება პენსიები და მასწავლებელთა ხელფასები.

ანგარიშის მიხედვით, სიღარიბე იგივე ტემპით განაგრძობს შემცირებას 2018 წლამდე. ტურიზმისა და სამშენებლო სექტორის განვითარება შეამცირებს უმუშევრობას საშუალო განათლების მქონე სოციალურ ფენაში. სწორედ ეს განაპირობებს სიღარიბის შემცირებასაც.

ნანა მღებრიშვილი