მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი: „საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფინანსური რესურსი“

”საქართველო ახლა დგას გამოწვევის წინაშე თუ როგორ უნდა მოახდინოს ეროვნული კურსის დარეგულირება. თუმცა ეს არის პერიოდი, როცა ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ხელოვნურად არ უნდა დაასტაბილუროს კურსი, არამედ მას მისცეს საშუალება, რომ ბუნებრივად დარეგულირდეს,” - განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და აღმოსავლეთ ქვეყნების მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს ტიმერმა ბუქარესტში გამართულ პრეს-ბრიფინგზე, სადაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია მოხდა.

მისი განმარტებით სტაბილური ვალუტა ქვეყნის წარმატებას პირდაპირ არ განსაზღვრავს და საგარეო შოკების პარალელურად ლარის ეგრეთ წოდებულ მცურავ რეჟიმში გაშვებაა საჭირო.

”საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ეკონომიკურ შოკს ხშირად სჭირდება ვალუტის ცვლილება, რომ მას ქვეყანა გაუმკლავდეს. თუმცა ვალუტის ცვლილების გამო, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა უცხო ქვეყნებიდან შემოსული ფინანსური რესურსი. ამიტომ დევალვაცია აუცილებელია,” - დაამატმა ჰანს ტიმერმა.

მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის მთავარმა ეკონომისტმა, ჟენევიევ ბუიარომ კი განმარტა, რომ სტაბილური გაცვლითი კურსი მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული საგარეო ურთიერთობებზე.

”ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ კურსის გაუფასურების შეჩერების მიზნით წინ კარგი ნაბიჯები იდგმება“, - აღნიშნა ჟენევიევ ბუიარომ.

ნანა მღებრიშვილი