ჯორჯ სოროსი 10 მილიონ დოლარს გაიღებს ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად

ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი 10 მილიონ დოლარს გაიღებს ძალადობის ნიადაგზე შესრულებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ინვესტორის განცხადებით, აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმიგრანტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმები პირდაპირ არის დაკავშირებული არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის „წამქეზებლურ რიტორიკასთან“.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ამ ყველაფერის შესაჩერებლად“, - აღნიშნა წარმოშობით უნგრელმა მილიარდერმა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული ორი კვირის განმავლობაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 700 შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა კი 8 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე დღეზე მოდის. ყველაზე ხშირად თავდასხმის სამიზნე იმიგრანტები იყვნენ.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ სოროსი 500 მილიონ დოლარს გამოყოფს დევნილთა დასახმარებლად.