მიკროავტობუსით მგზავრობა შესაძლოა 1 ლარი გახდეს?

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან ერთ ლარამდე გაიზარდოს.

მძღოლების ნაწილი ფიქრობს, რომ ფასის მატება სავარაუდოდ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანას უკავშირდება, რომელიც ქალაქში მომავალი წლიდან გამოჩნდება. მძღოლების ნაწილს კი მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ არაფერი სმენია.

"თბილისის მიკროავტობუსის" კომპანიაში ტარიფის შესაძლო გაძვირებასა და მომავალი წლიდან ახალი მიკროავტობუსების შემოყვანას უარყოფენ. კომპანიის პრესსამსახურში გავრცელებულ ინფორმაციებს ჭორს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ტარიფის მატება არ იგეგმება.

ინფორმაციას არ ადასტურებენ არც თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მირიან ლებანიძე ახალი მიკროავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "თბილისის მიკროავტობუსის" კომპანია კერძოა და ავტოპარკის განახლების უფლება აქვს.