პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, ეს კანდიდატები არიან: არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია, მურთაზ კიკორია, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობდა ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და რობერტ სინგლეკარი.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის დეკემბერში საბჭოს წევრობის ვადა ეწურებათ საბჭოს სამ მოქმედ წევრს. ესენი არიან: არჩილ მესტვირიშვილი, ოთარ ნადარაია და ლაშა ჯუღელი. იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციონირება არ შეფერხებულიყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საბჭოს წევრობის სავარაუდო კანდიდატები შესთავაზა. პრეზიდენტმა განიხილა ეს კანდიდატები და სამივე შეთავაზებულ კანდიდატს მხარი დაუჭირა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამივე კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება, რომელიც აღნიშნულ კანდიდატებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებს.