”მნიშვნელოვანია, ეროვნული ვალუტის მიმართ კერძო სექტორისა და მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს”

მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის მიმართ კერძო სექტორის და მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ფარესიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც  პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, მრჩეველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟის განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის შექმნა.

”გრძელვადიანი ეროვნული ვალუტის არსებობა არის ის, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროება საქართველოს კერძო სექტორს შემდგომი განვითარებისთვის”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისივე განმარტებით, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ეროვნულ ვალუტაში ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებისთვის, რაც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ეკონომიკური თემაა.

”თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარებას ესაჭიროება ხელშეწყობა დაწყებით ეტაპზე. ამისათვის საჭიროა, რომ სახელმწიფომ ბაზრის განვითარებაში ჩართულ სხვა აქტორებთან ერთად შეიმუშაოს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, არის საპენსიო რეფორმის დროული დაწყება. ამ მიმართულებით მთავრობას აქვს შემუშავებული მისი პოზიცია, თუმცა ჯერ კიდევ არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები. თავის მხრივ, ეს აფერხებს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობას, რადგან საპენსიო ფონდი არის ყველაზე გრძელვადიანი ფულადი რესურსის მოზიდვის საშუალება”, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.