თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ონლაინ სესხების სერვისის აკრძალვის მომხრეა

ონლაინ სესხების აკრძალვის მოთხოვნით ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ხელმომწერი ჰყავდა.

ეისითი დაინტერესდა, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილი მოიხმარს ონლაინ სესხებს და რამდენი ფიქრობს, რომ უნდა აიკრძალოს ეს სერვისი.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ონლაინ სესხების სერვისი თბილისში თითქმის აბსოლუტური ცნობადობით სარგებლობს (96%). რაც შეეხება მოხმარებას, ყოველ მეოთხე თბილისელს (25%) უსარგებლია ამ სერვისით, და 34%-მა შესაძლებელია, რომ მომავალში ისარგებლოს.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების ნახევარზე მეტი (54%) 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდაა.

მოსახლეობის უმრავლესობა (64%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ ონლაინ სერვისი უნდა აიკრძალოს საქართველოში. მათ შორის 25% ონლაინ სესხების მომხმარებელია.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ. 

bpn