თომას ქოლსთერმა ქართულ საზოგადოებას სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა გააცნო

”მისიის ადამიანმა” თომას ქოლსთერმა საქართველოში პირველი საჯარო ლექცია ჩაატარა. "მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები” - ამ შინაარსით ლექციას ქოლსთერი საქართველოს გარდა, კიდევ ხუთ ქვეყანაში წაიკითხავს. მან ისაუბრა კონცეფციის Goodvertising შესახებ, რომელიც თავად დანერგა და შეცვლილ საკომუნიკაციო სივრცეში ახალ მიმდინარეობად გადაიქცა.

ქოლსთერის განმარტებით, საზოგადოების ცნობიერება შეცვლილია. მათ ქცევასა და გადაწყვეტილებებს თანამედროვე ცხოვრებაში სულ სხვა ტიპის გზავნილები განაპირობებს. შეიცვალა კომპანიების მიმართ საზოგადოების მოლოდინიც.

”ამ გამოწვევებს სწორედ სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის დახმარებით უნდა უპასუხოს ბიზნესსაზოგადოებამ. ბიზნესმა თანხა სტანდარტულ მარკეტინგულ კამპანიებში აღარ უნდა დახარჯოს. კომპანიები მოგებისთვის მუშაობენ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რამხელა ზიანს აყენებენ გარემოს. ამიტომ სარეკლამო თანხები სწორედ საზოგადოებისა და სამყაროსთვის სასარგებლო აქტივობებში უნდა დახარჯოს. ესაა ბიზნესის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა,” - განმარტავს თომას ქოლსთერი.

ღონისძიების "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა" და სლოვაკური ფონდის "პონტისის" ორგანიზებით გაიმართა. "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება დაიწყო.

”ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ჩვენი ორგანიზაცია კი უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული. უმაღლეს სასწავლებლებს პირველმა შევთავაზეთ კურსი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში. სახელმძღვანელოც გამოვეცით. ახალ პროგრამასაც ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით სხვადსახვა სექტორზე მიმართული აქტივობები განხორციელდება.ძალიან გვინდა, რომ ეს თემა პოპულარული გახდეს და კომპანიებს ახლებური ხედვა ჩამოუყალიბდეთ,” – ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

ლექცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ გახსნეს.

”საქართველო ახლა დგას ევროინტეგრაციის გზაზე და ეს შეუქცევადი პროცესია. ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ ევროპულ ქვეყნებს დაუახლოვდეს. ასოცირების შეთანხმებაში განასკუთრებული ადგილი ბიზნესსაქმიანობების სოციალურ კორპორაციულ პასუხისმგებლობას უკავია. ამიტომაც დიდი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ ამ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ყოველთვის ყავდა დიდი ქველმოქმედები. ამისი კარგი მაგალითია დავით სარაჯიშვილი. ახლა კი აქტუალურია კომპანიების სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა. ეს არის არა უბრალოდ ქველმოქმედება. არამედ ბიზნესის მიერ გაკეთებული კარგი საქმე, რომელსაც მარკეტინგული დატვირთვაც აქვს,” - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

”მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება სლოვაკური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. 2014 წელს ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაში საქართველო პასუხისმგებლობას იღებს, იმუშაოს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე. ამ პროცესში საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. სლოვაკეთს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ კუთხით. ვცდილობთ ეს გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს და სხვა ქვეყნებსაც. ეს არის განვითარების ბუნებრივი გზა. ქოლსთერს სლოვაკეთში მუშაობის რამდენიმე წლიანი წარმატებული გამცოდილება აქვს და ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი საქართველოში მოწვევაც,” - განაცხადა სლოვაკეთის ელჩმა.

ლექციას ბიზნესის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სოციალური საწარმოების წარმომადგენლები და კომუნიკაციის სფეროს ექსპერტები დაესწნენ.

ნანა მღებრიშვილი