გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის გაუფასურების მხრივ არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება

ჩვენი ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია უფრო ნაკლებად, ვიდრე არის ევრო და არის სომხეთის ვალუტა - დანარჩენი ყველა ქვეყნის ვალუტა: ეს არის თურქეთი, მოლდოვა რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, უკრაინა და აზერბაიჯანი, დოლართან მიმართებით უფრო გაუფასურებულია, ვიდრე არის ქართული ლარი, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან შეხვედრისას, მათი კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

კვირიკაშვილის შეფასებით, ამ პროცესში არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობისათვის მტკივნეულია.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი იმპორტი ექსპორტის ზრდით ვერ დაბალანსდა, რამაც ბოლო თვეებში, ვალუტის დამატებით გაუფასურება გამოიწვია.

“ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებაში კურსით არ განისაზღვრება. ლარის მსყიდვეუნარიანობა ინფლაციის მაჩვენებლით განისაზღვრება. მეორე საკითხია, რომ ლარის დევალვაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისათვის, დოლარიზაციის მაღალი დონიდან და იქედან გამომდინარე, რომ საკრედიტო პორტფელის 63%-ზე მეტი, დოლარიზებულია. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზთა შორის არის ის, რომ დღეს რეგიონში ყველა ვალუტა, ჩვენი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია. არის დოლარის გამყარების ტენდენცია. რა თქმა უნდა, მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ქვეყანაში ხელოვნურად იქმნება - თემა ახალი ამბებიდან არ ჩამოდის და ხელოვნური ხელშეწყობა ხდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის გაუფასურებაში ბრალი მხოლოდ ოპონენტებს დავდო, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველა ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ის საკითხია, სადაც მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს, მისი გადაჭრის მიმართულებით”, - განაცხადა კვირიკაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან შეხვედრისას.