რომან გოცირიძე მთავრობას - ვერ გამოეკიდებით ლარს? ლარი გამოგეკიდებათ თქვენ, დაგეწევათ და იქნება ძალიან მწარე

ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ლარის ასეთი გაუფასურება პროგნოზირებადი იყო.

„თუ გადაავლებთ თვალს ჩვენს რჩევებს, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში კეთდებოდა, დარწმუნდებით, რომ ზუსტად იგივეს ვამბობდით, რაც ხდება ახლა. სამწუხაროდ, მთავრობას არ ესმოდა ეს, არ აკეთებდნენ იმას, რასაც ვურჩევდით. ჩვენ დღეს უნდა შევაფასოთ მთავრობა, ვუჭერთ თუ არა მხარს მთავრობის შემადგენლობას, მოგვწონს თუ არა იგი. მთავრობას ვერდიქტი დაუსვა ლარმა - ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა. ეს არის მათთვის განაჩენი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ამ ვითარებაში გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ დაუჯეროს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„რასაც ვამბობდით და ვამბობთ, იყო სწორი. ბიუჯეტი როდესაც შემოვა, ვასწავლით, როგორ გააკეთონ, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა. დაგვიჯერებენ? ქვეყანა წავა წინ. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა თქვა, ლარს ვერ გამოვეკიდებითო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლარი მცურავ კურსშია და როგორც უნდა ისე ივლისო. ვერ გამოეკიდებით ლარს? ლარი გამოგეკიდებათ თვითონ თქვენ, დაგეწევათ და იქნება ძალიან მწარე“, - განაცხადა გოცირიძემ.