”ლარის კურსის ვარდნა მაღალი დოლარიზაციის პირობებში მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა მაღალი დოლარიზაციის პირობებში მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს. კოვზანაძე ლარის კურსის გაუფასურებას ემოციურ ფაქტორებს უკავშირებს და ამ მხრივ დროულს უწოდებს მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს ეროვნულ ბანკთან ერთად.

”ლარის კურსი არის პრობლემა იმდენად რამდენადაც ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის განარკგვად შემოსავალს და მოხმარებას. გუშინ, დოლარმა 2,5-ის ნიშნულს გადააჭარბა. ეს ისტორიული მაქსიმუმია. ლარის ამ თვალსაზრისით გაუფასურება იმ პირობებში როდესაც მცურავი კურსი გვაქვს გასაგებია რაც არის. ლარის კურსის სტაბილურობა, ერთი მხრივ, უნდა განაპირობოს მრეწველობის სწრაფმა ზრდამ და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებამ, რასაც მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით და ინფრასტრუქტული პროექტების განხორციელებით. მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის ერთიანობით, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთიანობით, ვგულისხმობ ერთობლივ ხედვას რეფინანსების პოლიტიკაზე, დედოლარიზაციაზე, ლარიზაციაზე, მონეტარულ განაკვეთზე, მინიმალურ სესხებზე და ეგზოგენურ ფაქტორებზე სწრაფი რეაგირების მოფიქრებით”, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ლარის მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ დაიცვა პირველ რიგში ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, შეინარჩუნა გზავნილების ლარში გამოსახული ღირებულება, საგარეო ბუფერები და შეინარჩუნა რეზერვები.

”ვფიქრობ, ხომ არ არის ზედმეტად გაუფასურებული ემოციური ფონის გამო? ასევე ვფიქრობ, ხომ არ იყო საჭირო გარკვეული სტერილიზაციის ღონისძიებები? ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენებას. ვეთანხმები დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ მთავრობის მხრიდან ჩატარდება დროული ღონისძიებები ეროვნულ ბანკთან ერთად”, - განაცხადა კოვზანაძემ.