„ცუდი ბიუროკრატია ბიზნესის განვითარებას აფერხებს“

ბიუროკრატია, რომელიც წესით სახელმწიფო სამსახურებისა და საზოგადოების სწორი ფუნქციონირებისთვისაა შექმნილი, რიგ შემთხვევაში თავად საზოგადოების წინააღმდეგ არის მომართული.

ხშირად ხდება, როცა ინდივიდუალური პირი თუ ბიზნესი სახელმწიფო სამსახურიდან დროულ პასუხს ან ნებართვას ვერ იღებს. 21-ე საუკუნეში დროის მოკლე მონაკვეთში იმდენი რამ შეიძლება მოხდეს, რომ გადაწყვეტილების დროში გაჭიანურება შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდეს ფიზიკური პირისა თუ ბიზნესისთვის.

ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში, არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა და მათი პრობლემების გაშუქება გვთხოვა, რათა ამ გზით მაინც მიაწვდინონ ხმა ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და საკუთარ მაგალითზე აჩვენონ, რა პრობლემებს აწყდებიან სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაღალი სახელისუფლებო პირებისგან არაერთხელ მოგვისმენია განცხადება იმის შესახებ, რომ „ცუდი ბიუროკრატია ყველაზე მეტად აფერხებს ბიზნესის განვითარებას“. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ გამოთქმული პრეტენზიების დიდი ნაწილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ეხება. ”ბიზნესპრესნიუსი” რამდენიმე ასეთ შემთხვევას გაგაცნობთ.

მთაწმინდის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრებმა ოჯახმა იმავე ეზოში სამზარეულო ააშენა. თავდაპირველად მიწა ოჯახის საკუთრებაში არ იყო, მაგრამ მას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა და მიწის კონკრეტული მონაკვეთი საკუთრებაში კანონიერად გადავიდა. დროთა განმავლობაში ამ სამზარეულოზე მეზობლებმა კიდევ სამი სართული დააშენეს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუმცა, ერთ დღეს, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაადგინა, რომ აღნიშნული სამზარეულო მოსანგრევი იყო, რადგან პირველმა ოჯახმა ის „მიიტაცა“. საინტერესოა, რომ ზედამხედველობის სამსახურს არ ჰქონა კონკრეტული პასუხი ამ შემთხვევაში რა უნდა ექნათ მათ, ვინც სხვადასხვა დროს სამზარეულოს თავზე დააშენა შენობა-ნაგებობები. მერიის ზედამხედველობის გადაწყვეტილება, რომ სამსართულიანი შენობისთვის ისე მოენგრიათ პირველი სართული, რომ დანარჩენი ორი არ დაზიანებულიყო, სამზარეულოს მფლობელმა ისევ ამ სამსახურში გაასაჩივრა, მაგრამ მათ დასკვნა არ შეუცვლიათ და 20 დღე მისცეს ოჯახს შენობის დასანგრევად. შემდეგი ეტაპი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში გასაჩივრება იყო, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. საბოლოო ეტაპი უკვე სასამართლოში გასაჩივრება იყო. სასამართლომ ოჯახის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და დაასკვნა, რომ ტერიტორია ოჯახის საკუთრებაში კანონიერად იყო მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ის უკანონოდ მიითვისეს. მერიამ თავის საქმე გააკეთა, რაც მობინადრეს დიდი ნერვების, დროისა და მატერიალური დანახარჯის ფასად დაუჯდა.

ეს ოჯახი გამონაკლისი არ არის, ვისაც პრობლემა თბილისის მერიის არქიტექტურისა თუ ზედამხდველობის სამსახურთან შეექმნა.

„ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთი ბიზნესმენი დაუკავშირდა და ვინაობის გამხელა მერიის სამსახურებთან პრობლემების თავიდან აცილების მიზნით არ ისურვა. როგორც აგვიხსნა, გლდანში ძველი შენობის რეაბილიტაცია სურდა. მერიისგან ნებართვის მიღებას საკმაოდ დიდი ხანი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მისი შენობის გარშემო ტერიტორიის განაშენიანება კი აქტიურად მიმდინარეობდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მერიის არქიტექტურის სამსახური ნებართვაზე უარის თქმის მიზეზად ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. საბოლოოდ, ბიზნესმენმა უარი თქვა 30 ათასი დოლარის ინვესტიციაზე, შენობის რეაბილიტაციასა და იმ ბიზნესგეგმებზე, რომლის განხორციელებასაც ამ შენობაში აპირებდა.

ერთ-ერთი არქიტექტორი კი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა არაკვალიფიციური კადრების არსებობაა. მისი განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როცა არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები შუალედურ განცხადებაში კლიენტს ამომწურავად ვერ უგზავნიან ინფორმაციას ყველა არსებული ხარვეზის შესახებ. შედეგად შუალედური პასუხების რამდენჯერმე გაგზავნა ხდება სხვადასხვა ხარვეზის გამო. ეს კი ნებართვის მიღების პროცესს დროში მნიშვნელოვნად აჭიანურებს.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ქართლოს თეთრაული უარყოფს ბრალდებას, რომ მერიის მხრიდან ინფორმაციის დროული და ამომწურავი მიწოდება არ ხდება. მისი თქმით, კვალიფიციური ინფორმაციის და ნებართვების მიღება საკმაოდ მარტივია.

„დაინტერესებულმა პირმა თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან ინფორმაცია შეიძლება მიიღოს სხვადასხვა სერვისის საშუალებით. ჩვენთან მოქმედებს საკონსულტაციო ოთახი. რაიონულ გამგეობებში განწესებულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი. ასევე, ფუნქციონრებს ცხელი ხაზი და ტექნიკური ცხელი ხაზი. მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება ონლაინ რეჟიმში ონლაინ კონსულტაციის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეუძლიათ,“ – განმარტავს თეთრაული.

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ადასტურებს, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობისა თუ არქიტექტურის სამსახურში მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ ნებართვის გაცემის ხშირი გადავადების გამო. მისი აზრით, მთავარ პრობლემას მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებული ადამიანების არაკვალიფიციურობა წარმოადგენს.

„ხშირია შემთხვევები, როცა გამგეობებსა და მუნიციპალიტეტში არაკვალიფიციური კადრები მუშაობენ და მოქალაქისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. შედეგად, ამ ადამიანების გადამისამართება უბნის მუნიციპალიტეტიდან რაიონის გამგეობაში, იქიდან კი - დედაქალაქის მერიაში ხდება. მოქალაქეებს მერიაშიც ხშირად ექმნებათ ბიუროკრატიული პრობლემები. დოკუმენტაციის ჩაბარებისას ადგილზე არ ეუბნებიან, რა ხარვეზებია საბუთებში. განცხადების განხილვისთვის სპეციალური ვადაა დადგენილი. დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ეს პერიოდი ორმაგდება და საბოლოოდ, მოქალაქეს პასუხის მიღება საკმაოდ უგვიანდება. პასუხის სწრაფად მიღებისთვის კი გარკვეული თანხის გადახდაა საჭირო,“ – განმარტავს ლევან ხაბეიშვილი.

„მიზანშეწონილია, არსებობდეს ერთიანი და ცალსახა სტანდარტი, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის მარტივად შეძლებს სრულყოფილი განცხადების დამოუკიდებლად შედგენას, ამ ვითარების გასაუმჯობესებლად, თბილისის მერიამ სასურველია, უზრუნველყოს ისეთი დონის კონსულტაცია, რომ სპეციალიზირებული კადრების აუცილებელი ჩართვის გარეშე, დაინტერესებულმა პირმა დამოუკიდებლად შეძლოს მარტივი პროცედურების წარმატებით და გონივრულ დროში დასრულება,” – ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს მოქალაქე, რომელიც მერიის არქიტექტურის სამსახურისგან ნებართვის მიღებას თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობს.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მერიის წინ მრავალი ოფისია, სადაც არქიტექტურის მიმართულებით კონსულტაციებს გასცემენ და კლიენტებს ნახაზების შედგენაში ეხმარებიან. მერიაში შესული განცხადებების ავტორების უმეტესობა ჯერ სწორედ ამ ოფისებს სტუმრობს კონსულტაციისთვის.

ლევან ხაბეიშვილი: „იმის მაგივრად, რომ მერიის თანამშრომელმა გარკვეული კონსულტაცია გასცეს, ის განმცხადებელს პირდაპირ კერძო კომპანიასთან ამისამართებს. ეს ის კომპანიები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ საბუთების სრულყოფილად შეგროვებას და მერიაში ჩაბარებას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. მე გადაჭრით ვერ დავადასტურებ, რომ მერიასა და ამ კომპანიებს შორის რაიმე პირდაპირი კავშირი ან შეთანხმება არსებობს, მაგრამ ეჭვის არსებობას საფუძველი ნამდვილად აქვს. სხვაგვარად როგორ შეიძლება, რომ მერიის თანამშრომლების საქმეს კერძო კომპანიის წარმომადგენლები აკეთებდნენ?

„სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა, მერიაში მუშაობდეს კადრი, ვინც მოქალაქეს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის და ნაკლებ ბიუროკრატიულ პრობლემას შეუქმნის. არაკვალიფიციური კადრების არსებობა საბოლოოდ ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მერიის არქიტექტურის და ზედამხევდეველობის საქალაქო სამსახურებში რამდენიმე პროფესიონალი თუ მოიძებნება, ვისაც რეალურად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. მერიაში განცხადების ჩაბარების ან უბრალოდ რჩევის საკითხავად მისულს, სტანდარტულ პასუხს გცემენ: ჩააბარეთ წერილი და ორ კვირაში მიიღებთ პასუხსო. ხომ შეიძლება იქვე გაეცნონ რამდენად სრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაციაა, განცხადება და ა.შ. იმ შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვან და ამაზე პასუხი არ აგონ, მაქსიმალურად ცდილობენ გადაწყვეტილების მიღება თავიდან აიცილონ, სხვა უწყებას გადააბარონ ან თავის დაზღვევის მიზნით უარყოფითი გადაწყეტილება მიიღონ. არადა საშუალო რგოლის მენეჯმენტი სახელმწიფო სამსახურებში ის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს, ვინც სწორი გადაწყვეტილებით ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება, ფიზიკურ პირებს სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის“.

ნანა მღებრიშვილი