მობილურზე სარეკლამო შეტყობინებებმა შესაძლოა, მალე აღარ შეგვაწუხოს

ერთიანი ელექტრონული პორტალი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, გათავისუფლდნენ არასასურველი სარეკლამო მესიჯებისგან.

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მუშაობს საკანონმდებლო წინადადებებზე, რომელიც სარეკლამო სმს-ების რეგულირებას ითვალისწინებს.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პორტალი, სადაც მომხმარებელი შეძლებს უფასოდ, თავად მონიშნოს კომპანია, რომლისგანაც სურს ან არ სურს სარეკლამო შეტყობინების მიღება.

"პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ დღეს არსებული მექანიზმი არასაკმარისია, რადგან მოქალაქეებს ინდივიდუალურ რეჟიმში უწევთ შეტყობინებებზე უარის თქმა, რაც დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ, ჩართული როუმინგის პირობებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინიციატივა მიზნად ისახავს ერთიანი ელექტრონული პორტალის შექმნას, რომელიც მოქალაქეებს ამ დისკომფორტს მოუხსნის. ამ მომენტისთვის წინადადებები დამუშავების ეტაპზეა, მალე გაიმართება კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და საკითხის გადაწყვეტისთანავე, მედიას ყველაფერს დაწვრილებით შევატყობინებთ ", - განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

ხათუნა ჩიგოგიძე