”პრემიერმა ერთი მხრივ პოპულისტური, მეორე მხრივ კი, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო”

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ "ლარის დაცვის" ნიღბის ქვეშ, პრემიერ მინისტრმა, ერთი მხრივ, პოპულისტური, მეორე მხრივ კი, უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღო რამდენიმე მიმართულებით.„ონლაინ სესხის აკრძალვა, თავისთავად, პოპულისტური ნაბიჯია ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებების გამო. აქ მომხმარებლის უფლებაც ილახება და მწარმოებლისაც. მომხმარებლის უფლება ილახება, როგორც ხერხი ფინანსური რესურსების მოძიებისა, რომლის შესაძლებლობა ხელისუფლებამ მოუსპო. ასევე, მწარმოებლის - ბიზნესის მართვის კუთხით. ეს ცალსახად შეიძლება განვიხილოთ როგორც ბიზნესზე ზეწოლის ხერხი და წინაპირობა“, - აცხადებს გამზარდია.

მისი აზრით, მთავრობამ მსგავსი მომსახურების მიღების აკრძალვა კი არ უნდა მოინდომოს, არამედ მისი რეგულაციისთვის სტანდარტის დაწესება, სადაც მომხმარებლის უსაფრთხოებაც, მოთხოვნილებებიც, უფლებებიც და ბიზნესის ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული.

ანალიტიკოსის აზრით, აქციზის გადასახადის ზრდის თემაც ნეგატიურად უნდა შეფასდეს. „ცხადია, ეს შესაბამის პროდუქტებზეც და მათ ფასზეც აისახება, ხოლო თავად რაიმე პროდუქტზე ფასის გაზრდა, ჩვენს ქვეყანაში, როგორც წესი, გადამდებია სხვა დანარჩენზეც. სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ გაძვირების პროცესი ოფიციალურად დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად კიდევ უფრო მტკივნეულად გადავა სხვა პროდუქტებზეც, რაშიც ჩვენი, როგორც მომხმარებლის და მოქალაქეების უფლებები მკვეთრად შეილახება.

იძულებული ვარ შევაფასო ეს პროცესი, როგორც მოქალაქეებზე და ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის პროცესი, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული პროცესი, რასაც თან ახლავს თითოეული მოქალაქის ყოფის მკვეთრი გაუარესება. ეს ყველაფერი კი განახლებული ხელისუფლების საქმიანობის პირველივე დღეებში ხდება“, - აცხადებს გამზარდია.