ყაზბეგში ”ლარსი ჰესი” გაიხსნა

ენერგეტიკის მინისტრი ყაზბეგში ”ლარსი ჰესის” გახსნას დაესწრო.

როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ასეთი ობიექტების მშენებლობით უმწვავესი პრობლემის - მთის მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ცხოვრებისთვის შესაფერისი სოციალური პირობების შექმნაა შესაძლებელი.

"ჩემთვის ამ ობიექტის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია - უპირველეს ყოვლისა ის, რომ ახალი სიმძლავრე ემატება ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას და გასული წლის განმვალობაში ეს არის მესამე ამოქმედებული ენერგოობიექტი. ესეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა. როგორც ვიცი, მოწესრიგდა მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც გადის ტურისტული თუ კომერციული მარშრუტები, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები, იქნება მუდმივი ელექტომომარაგება, ხალხი იქნება დასაქმებული, მოსახლეობა იქნება მოვლენების ეპიცენტრში, ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა იქნება უკვე საინტერესო და მიმზიდველი. რეგიონი ფეხზე დადგება,” - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც წვლილი შეაქვს საქართველოს გაძლიერებაში და წარმატება უსურვა ჰესზე დასაქმებულ პერსონალს, ხოლო კომპანიას - ენერგეტიკის სექტორში მუშაობის წარმატებით გაგრძელება.

”ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე, ქართული ენერგეტიკა კი მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურ განვითარებამდე და კეთილდღეობამდე", - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ლარსის ჰესის" დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ახალი ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპისაა და მას კომპანიები ”ფერი” და ”ენერგია” აშენებენ. აღსანიშნავია, რომ ჰესის ასაშენებლად შპს ”ენერგიას”, რომლის 30%-იან წილს ”ფერი” ფლობს, 30 მილიონი აშშ დოლარის სესხი ”თიბისი ბანკისგან” აქვს აღებული. კომპანიას სესხის უზრუნველსაყოფად ბანკში „ლარსის ჰესის“ გვირაბგამყვანი ტექნიკა და მფლობელების წილები აქვს დაგირავებული.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ დაბა ყაზბეგში, მდინარე თერგზე "ლარსი ჰესის" მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ჰესის მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მათივე ინფორმაციით, "ლარსი ჰესის" მშენებლობაზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი დიდი ნაწილი ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა იყო. როგორც ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტზე 40 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ჰესის ოპერირების მიზნით, კომპანიამ 110 კვ ქვესადგური ააშენა, რომელიც ელექტროსადგურს ცენტრალურ ენერგოსისტემასთან დააკავშირებს. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, "ლარსი ჰესის" გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ენერგოსისტემას მიეწოდება.