დიმიტრი ქუმსიშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სესხების ლარში გადატანის თაობაზე ინიციატივა 2015 წლამდე გაცემულ სესხებს ეხება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სესხების ლარში გადატანის თაობაზე ინიციატივა 2015 წლამდე გაცემულ სესხებს ეხება. აღნიშნულ თემაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა PALITRANEWS-ის ეთერში, გადაცემაში ”360 გრადუსი” ჩართვისას ისაუბრა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რატომ ეხება ინიციატივა 2015 წლამდე გაცემულ სესხებს და არა 2015 წლის შემდეგ, რადგან 2015 წლის შემდეგაც ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების მაჩვენებლი ვიხილეთ.

”ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა, დიდი სხვაობაა 2015 წლის პირველ იანვრამდე რა კურსიც იყო და შემდგომ ძალიან სწრაფად მოხდა 2.20-ზე ასვლა, შემდგომ რა თქმა უნდა, იყო მერყეობები, ავიდა 2,3-ზე, ჩამოვიდა 2.10-ზე, მაგრამ ეს იყო უკვე აბსოლუტურად სხვა გარემო. ეს იყო გარემო, სადაც ადამიანებმა უკვე იცოდნენ, თუ რა გარემოში იყვნენ. ამიტომ ჩვენ დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ 2015 წლის პირველ იანვრამდე. ეს არის მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ლარის დევალვაციის ყველაზე მეტი ზემოქმედების ქვეშ მოხვდა და შესაბამისი სახსრები გამოვყავით”, - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მოლოდინების ნაწილში სურს, რომ იყოს ძალიან ოპტიმისტი. ”როგორც წესი, დეკემბერში ჩვენი ფულადი ჩამორიცხვები საკმაოდ აქტიურია, ძალიან ბევრი ქართველი ბრუნდება ქვეყანაში, ხარჯავს ფულს, ასევე უგზავნის თავის ნათესავებს და მეგობრებს თანხებს საზღვარგარეთიდან. ეს თანხა, რა თქმა უნდა, გადახურდავდება ლარში და, შესაბამისად, დადებითად აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე. დადებითად აისახება ასევე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შეამცირებს ზეწოლას ლართან მიმართებაში. ზოგადად, მაკროეკონომიკური პარამეტრები ასევე აჩვენებს, რომ ლარი უნდა დასტაბილურდეს, დანარჩენი, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება და შესაბამისად იმოქმედოს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.