უაქციზო, სომხური წარმოების თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში მოახდინეს უაქციზო, სომხური წარმოების თამბაქოს ნაწარმის, სიგარეტი „MASTER”-ის უკანონოდ რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულებისგან ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.