აკაკი ცომაია - მთავრობის პოლიტიკას უპასუხისმგებლოს და გაუაზრებელს ვუწოდებ

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმით ვერც სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ვერც ლარის გამყარება ვერ მიიღწევა.

როგორც ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ ე.წ. ლარიზაციის გეგმის შეფასებისას განაცხადა, მთავრობა რეალურად ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.

„მთავრობამ მიზნად დაისახა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ის, რომ ამით ლარზე ზეწოლა შემცირდება და ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს. ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე მთავრობამ ეს ორი მიზანი გამოკვეთა. ვერც ერთი მიზანი ვერ შესრულდება. ლარზე ზეწოლა არ მოიხსნება და ლარზე მოთხოვნა არ შემცირდება. კომერციულ ბანკებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ გაცემული, ასევე მათ დეპოზიტები აქვთ დოლარში, ანუ ეს სავალუტო რესურსი მათ მოიზიდეს, ეს არ არის მათი საკუთრება, ეს არის მათი ვალდებულება. შესაბამისად, თუ კლიენტებზე აღარ იქნება კონვერტაციის რისკი, ეს რისკი გადავა კომერციულ ბანკებზე, რადგან კომერციულ ბანკებზე გადავა ეს სავალუტო რისკი, შესაბამისად, ეს სავალუტო რისკის კომპონენტიც იქნება გათვალისწინებული ლარის საპროცენტო განაკვეთში. ამდენად დასაწყისში შესაძლებელია ამან ცოტა დადებითად იმოქმედოს ლარის გამყარების პროცესზე რადგან თუ ადამიანები მასობრივად დაიწყებენ დოლარის ლარში გადატანას, მაშინ ეს ლარის გამყარების პროცესს, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს, მაგრამ რადგან ეროვნული ვალუტა ისევ იქნება დასაკონვერტებელი დოლარში, რადგან ბანკებს ვალდებულებები აქვს დოლარში გასასტუმრებელი, კომერციული ბანკები შექმნიან უკვე დოლარზე მოთხოვნას. შესაბამისად, ლარი ისევ გაუფასურდება“, - განაცხადა ცომაიამ.

მისივე შეფასებით, თუ ლარის გაუფასურებით ამ შემთხვევაში ზარალდებოდა კლიენტი, ამ ზარალს განიცდის კომერციული ბანკი, შესაბამისად, ბანკი შეეცდება ლარში პროცენტის გაზრდას, რაც ეროვნულ ვალუტაში გადატანილ სესხს ბუნებრივია გააძვირებს და ადამიანისთვის მდგომარეობა რეალურად არ შემსუბუქდება.

აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ერთჯერადი სუბსიდია ბიუჯეტიდან ამას არ უშველის, რადგან ეს არის უფრო ისეთი ტიპის სუბსიდია, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 20 პუნქტიანი გაუფასურებით წარმოქმნილი ზარალის დაფარვას ითვალისწინებს და ეს სუბსიდია ვერ მოახდეს კომერციული ბანკებისთვის სავალუტო რისკის დაზღვევას.

„ანუ ეს პრობლემად რჩება. ეს ვერ მოახდენს ვერანაირ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. პირიქით, ეს უფრო ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას. უბრალოდ მოხდება სავალუტო რისკების გადათამაშება - თუ ადრე ეს მოდიოდა მსესხებელზე, ახლა ეს რისკი გადავა კომერციულ ბანკზე“, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ონალაინ-სესხებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ცომაიას თქმით, ერთსა და იმაზე დოკუმენტზე მთავრობის სხვადასახვა წარმომადგენელი სხვადასახვა ინფორმაციას აჟღერებს, რაც ასევე პრობლემაა.

„თუ პრემიერს დავეყრდნობით, მან თქვა, რომ აიკრძალება ონალაინ სესხები და ეს დააკავშირა ეკონომიკურ ზრდასთან. მინდა 100%-ით დაგარწმუნოთ, რომ ონლაინ სეხების აკრძალვა ეკონომიკურ ზრდასთან, ან ეკონომიკის განვითარებასთან არანაირ კავშირში არ არის და უფრო მეტიც, პირიქით. ეს ამ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტების რაოდენობას შემაცირებს და ეკონომიკის ზრდაზე დადებითად კი არა უარყოფითად იმოქმედებს“, - განაცხადა ცომაიამ.

ეკონომისტის შეფასებით, ონლაინ სესხების აკრძალვით ეს პრობლემა არ მოგვარდება, უბრალოდ მოხდება მისი ტრანსფორმირება.

„ონალაინ სესხების გაქრებიან და გაჩნდებიან სხვა სუბიექტები, რომლებიც ასევე მომავალში დისკუსიის საგანი გახდებიან, რადგან აღმოჩნდება, რომ ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ადრე იღებდნენ ონალინ სესხებს, ისევ აკეთებენ ამას, ოღონდ ამჯერად სხვა სუბიექტებისგან“, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება გადასახადის ზრდას, ცომაიას განცხადებით, ნაბთოპროდუქტებზე აქციზის ზრდა, გამოიწვევს მასზე ფასის ზრდას.

„თუ საქართველოში ფასების დონე ასე თუ ისე არ იზრდება, ამის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასი დაბალია. თუ ჩვენ ხელოვნურად გვსურს, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასები გავზრადოთ, ამით მთავრობა თავად ქმნის ინფლაციურ რისკებს. მთავრობამ დაინახა, რომ რეინვესტირებული მოგების გადასახადის გაუქმების შემდეგ, ბიუჯეტში ექნება დაახლოებით 500 მილიონი ლარის მობილიზების პრობლემა და ეს მან დააკომპენსირა იმით, რომ სხვა მიმართულებით გადასახადები გაზარდა. ანუ პირდაპირი გადასახადები შეამცირა და არაპირდაპირი გაზარდა. საბოლოო ჯამში, ეს ეკონომიკაზე დადებითად არ იმოქმედებს. ხელს შეუწყობს ეკონომიკაში მეტი პრობლემის წარმოქმნას, ვიდრე მის გაჯანსაღებას. საბოლოო ჯამში, მთავრობის ასეთ პოლიტიკას მე ვუწოდებდი უპასუხისმგებლოს და გაუზრებელს. როგორც ჩანს, დღევანდელი მთავრობა რეალურად ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა“, - განაცხადა ცომაიამ.