თბილისში დეკემბრის თვეში MAN-ის ფირმის კიდევ 25 ახალი ავტობუსი შემოვა

თბილისში დეკემბრის თვეში MAN-ის ფირმის კიდევ 25 ახალი ავტობუსი შემოვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

შეკითხვაზე, 30 მლნ ევროს ღირებულების პროექტის ფარგლებში შეძენილი ახალი ავტობუსები შეუქმნის თუ არა გადაადგილების დროს მოსახლეობას კომფორტს, ნარმანიამ განაცხადა, რომ MAN-ის ფირმის ავტობუსები მაღალი სტანდარტისაა, აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით და ყოველმხრივ ადაპტირებულია.

მისივე თქმით, თბილისში 143 ახალი ავტობუსის შემოყვანის პროექტი მომავალი წლის იანვარ-მარტის განმავლობაში დასრულდება.

„ასე რომ, სხვა ავტობუსებიც, რომელიც შემოვა, ასევე მაღალი კომფორტის იქნება. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ავტობუსები დადიან მხოლოდ ევროპის ძალიან მაღალგანვითარებულ ქალაქებში, როგორიც არის ბერლინი, პარიზი და სხვა ქალაქები“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერია დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით ასევე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გეგმასა და მარშუტებზე. როდესაც კვლევა დასრულდება, ხაზებზე გარკვეული გადაჯგუფება იქნება იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ხაზების ოპტიმიზაცია მოხდეს და მეორე მხრივ, ამით ჩვენი თანამოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას შევუწყოთ ხელი. ასე რომ, გარკვეული ცვლილებები იქნება“,- აღნიშნა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ფასის გაზრდა დაგეგმილი არ არის.

ამჟამად თბილისში MAN-ის ფირმის მხოლოდ 10 ახალი ავტობუსი მოძრაობს.