დავით ჭიჭინაძის აზრით, ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის აზრით, ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს. როგორც ჭიჭინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ განაპირობებს იმას, რომ პარლამენტმა მათ ნდობა გამოუცხადოს.

”არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ დღეს უნდა ვიხილავდეთ ახალი ბანკირების შვიდი წლით უფლებამოსილებით აღჭურვის საკითხს, თუკი არ ვიცით, მათი რეალური შეხედულებები არსებული პრობლემის მიმართ. ეროვნული ბანკის საბჭო არის მთავარი რეგულატორი, რომელმაც ბანკების საქმიანობა უნდა არეგულიროს. ერთ-ერთმა საფინანსო ორგანიზაცია ”რიკო კრედიტმა” 2015 წელს, სამი დღის რყევების შედეგად, 5-მილიონი დოლარი იშოვა და ამის თაობაზე თავად განაცხადა ტელევიზიით. როდესაც ასეთი თანხები ბანკების მეშვეობით ეკონომიკიდან ამოდის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სტაბილურობა ვერ იქნება. ეს ადამიანები - განსაკუთრებით, არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დღესაც საბანკო სექტორში მუშაობენ. ერთ-ერთი როგორც ვიცი, ”საქართველოს ბანკის” ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც ყველაზე დიდი მანიპულატორია ვალუტასთან მიმართებაში. თუკი ვინმე ყველაზე მეტად ყიდულობს ვალუტას, ეს არის ”საქართველოს ბანკი”. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს ამ ხალხისთვის ნდობის გამოცხადება მიზანშეწონილი არ არის”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებზე მსჯელობს. პრეზიდენტის მიერ საბჭოს სამი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ამავე თანამდებობაზე ასარჩევად არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიასა და რობერტ ჰენდრი სინგლეტერი კანდიდატურებია წარდგენილი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ დეპუტატებს კანდიდატურების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი სამუშაო გამოცდილება გააცნო.