ლადო პაპავა - რუსული ”ალფა-ბანკის” საქართველოში შემოსვლით გაიწირება აზერბაიჯანული ბიზნესი რუსულის სასარგებლოდ

რუსული ”ალფა-ბანკის” საქართველოში შემოსვლით გაიწირება აზერბაიჯანული ბიზნესი რუსულის სასარგებლოდ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა , - ამის შესახებ  პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.

პაპავა გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსული ”ალფა-ბანკი” შემოდის საქართველოში.

”ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი ბანკი და მისი შემოსვლა საქართველოში საკმაოდ დასაფიქრებელია. იმიტომ რომ, იგი პრაქტიკულად არის ცნობილი რუსული პროექტის - ”ლიბერალური იმპერიის” - განხორციელების ინსტრუმენტი რუსეთის ხელისუფლების ხელში. საინტერესო რამეს გეტყვით - ელექტრონულ მედიაში გავრცელდა, რომ ”ალფა-ბანკმა” საქართველოში უნდა შეიძინოს ის შენობა, რომელიც დღეს კავკასიის განვითარების ბანკს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი აზერბაიჯანული კომპანიაა. თურმე აზერბაიჯანული ბიზნესი უნდა ჩაანაცვლოს რუსულმა ბიზნესმა. რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანულ წრეებში უკვე არის ძალიან დიდი შეშფოთება. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რუსული ”ალფა-ბანკის” საქართველოში შემოსვლით გაიწირება აზერბაიჯანული ბიზნესი რუსულის სასარგებლოდ. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, რასაც მთელი საზოგადოება ძვირად მოვიმკით. საქმე შეიძლება საერთაშორისო სკანდალამდეც მივიდეს... მართალია გუშინ წავიკითხე ბატონ კობა გვენეტაძის განცხადება, რომ მისთვის თურმე ”ჯერჯერობით” ”ალფა-ბანკს” არ მიუმართავს, მაგრამ მე სიტყვა ”ჯერჯერობით” ნამდვილად არ მომეწონა”, - განაცხადა პროფესორმა.

პაპავა ფიქრობს, რომ კობა გვენეტაძე ფრთხილად მოეკიდება აზერბაიჯანულ ბიზნესს, გაითვალისწინებს იმას, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და არ შეუწყობს ხელს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებას.

”თუ საუბარია იმაზე, რომ კავკასიური განვითარების აზერბაიჯანული ბანკის შენობა აუქციონზე უნდა გაიყიდოს, მაშინ წინასწარ ვინ რა იცის, ვინ იქნება მყიდველი? ძალიან ცუდი სცენარი შეიძლება განვითარდეს. მე მაინც მიმაჩნია, რომ ბატონი კობა, რომელიც ოთხი თუ ხუთი წელი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზერბაიჯანში, ბაქოში, ფრთხილად მოეკიდება აზერბაიჯანულ ბიზნესს, გაითვალისწინებს იმას, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არ შეუწყობს ხელს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებას და არ გააგრძელებს საქართველოს რუსეთის ”ლიბერალურ იმპერიაში” მოქცევის ნაცების გეგმას. თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, მაშინ ბატონი სოსო ცისკარიშვილის განცდა და სიფრთხილე, რომ რკინიგზა და მაგისტრალური გაზსადენი შეიძლება გაიყიდოს რუსეთის ეკონომიკურ სუბიექტებზე, შესაძლოა, სრულიადაც არ იყოს უსაფუძვლო. ამიტომ, პრინციპული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ არ დააზარალოს ჩვენი სტრატეგიული აზერბაიჯანელი პატრნიორები, მით უფრო რუსეთის სასარგებლოდ”, - აღნიშნა ლადო პაპავამ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად: ლადო პაპავა - მთავრობას ვურჩევდი, მომავალში, ვიდრე რამეს გაახმოვანებს, ბიზნესის წარმომადგენლებსაც დაელაპარაკოს და ეკონომისტებზეც ნუ იქნებიან აცრილები